მოსფილმის (Мосфильм) გენერალური დირექტორის, კარენ შახნაზაროვის თქმით, კინოსტუდიამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები და ტრაქტორები გადასცა.
2023 წელს კინოსტუდიამ რუსეთის ჯარს 28 T-55 ტიპის ტანკი, 8 PT-76 ტიპის ტანკი, 6 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 8 სამხედრო ტრაქტორი გადასცა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ამასთან დაკავშირებით კინოსტუდიის გენერალურმა დირექტორმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრა.
შახნაზაროვის თქმით, ეს ტექნიკა სტუდიის სამხედრო-ტექნიკურ ბაზაზე ინახებოდა.
"მე გავიგე, რომ არსებობდა ამის საჭიროება, დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს და შემდეგ მათ ეს მანქანები წაიყვანეს".- თქვა კინოსტუდიის დირექტორმა.
Мосфильм-ის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კინოსტუდია ფლობს სამხედრო ტექნიკას, რომელსაც რეკვიზიტებად იყენებენ, მათ შორის, 190-ზე მეტ სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკას, თვითმავალი საარტილერიო დანადგარს და ჯავშანტრანსპორტიორს.





