ცესკო

ცესკო თურაზაშვილს: უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევთ, დაელოდეთ გამოძიებას

ცესკო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მოუწოდებს მას, რომ დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდოს, რადგან სათანადო მტკიცებულებების და გამოძიების გარეშე ბრალდებები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე "ზეწოლაა".

"საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.

თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება.

საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას". - ვკითხულობთ ცესკო-ს განცხადებაში.

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ქეთი თურაზაშვილი ცესკოს თავმჯდომარისგან თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. თურაზაშვილის თქმით, ჯაფარიძემ მის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა, ფაქტიდან 1 საათში კი მამამისი გარდაიცვალა. 

ცნობისთვის, ცესკო-მ მსგავსი შინაარსის განცხადება 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც წერდნენ, რომ "კონკრეტული პირები უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას". საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებდა "დაინტერესებულ პირებს", არ გამოეყენებინათ ადამიანის გარდაცვალების ფაქტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

კომენტარები