ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი უარყოფს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდებას, რომ ირანი აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნოდ მკვლელობას გეგმავდა.
ამის შესახებ არაღჩი X-ზე წერს.
არაღჩიმ პოსტში მიანიშნა, რომ თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას სიკვდილი ისრაელის მოწყობილი იყო და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდებები "მდარე ხარისხის კომედიას" შეადარა.
"გახსოვთ თეირანში ისმაილ ჰანიას მკვლელობა ზუსტად ჩვენი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ? ყველამ იცის, ვინ გააკეთა ეს და რატომ. [...] ახლა, სხვა არჩევნების ფონზე, იგივე მიზნით ახალი სცენარი არის შეთხზული: რადგან მკვლელი რეალურად არ არსებობს, სცენარისტები შემოჰყავთ, რათა მდარე ხარისხის კომედია შექმნან. რომელ საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია დაიჯეროს, რომ მკვლელი ირანში ზის და FBI-ის ინტერნეტში ესაუბრება?". - წერს არაღჩი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ირანი ამერიკელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს, მაგრამ "გზა წინ ასევე არჩევანია, რომელიც პატივისცემით იწყება".
არაღჩი ასევე ირწმუნება, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვება არ სურს.
"ირანს არ სურს ბირთვული იარაღი. წერტილი. ეს არის ისლამურ სწავლებასა და ჩვენს უსაფრთხოების გამოთვლებზე დაფუძნებული პოლიტიკა. ნდობის შენება ორივე მხრიდან არის საჭირო". - თქვა არაღჩიმ.
მანამდე, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ერთ პირს ბრალი წარუდგინა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ირანის დავალებით წინასაარჩევნოდ მკვლელობის წარუმატებელი გეგმაში მონაწილეობის გამო.
გარდა ამისა, ამავე პირსა და აშშ-ს ორ მოქალაქეს აშშ-ს მოქალაქის, ირანული წარმოშობის ჟურნალისტსა და აქტივისტზე თვალთვალი და მისი მკვლელობის დაგეგმვა ედებათ ბრალად.
ჰანია 31 ივლისის გამთენიისას თეირანში სარაკეტო იერიშის შედეგად მოკვდა. ის წინა დღეს ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ჰანია წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
ვარაუდების მიხედვით, იერიში ისრაელმა მიიტანა, თუმცა იერუსალიმს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ისრაელმა ლიბანში, ბეირუთში ჰეზბოლას ერთ-ერთ უმაღლეს ლიდერზეც, ფუად შუქრიზე მიიტანა იერიში.
ირანი ამბობს, რომ თეირანში ისმაილ ჰანია ისრაელმა მოკლა, რის გამოც ირანელი მაღალჩინოსნები ისრაელს პასუხის გაცემით არაერთხელ დამუქრებიან. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს "სასჯელით" ემუქრებოდა.