საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ბოლო პერიოდში სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოჩი სარჩელი არ გაუგზავნიათ, მცდარია. საია სოციალურ ქსელში სარჩელის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც აქვეყნებს.
"ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს "რუსული კანონის" წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ. გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. პოსტს თან ერთვის გადამზიდი კომპანიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს". - წერია განცხადებაში.
17 ოქტომბერს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები რუსულ კანონს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებდნენ.
"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ. დღეს, 17 ოქტომბერს რუსულ კანონს და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და 4 ფიზიკური პირის სახელით გავასაჩივრებთ. რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვას და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება". - თქვა ქურდოვანიძემ.