სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თავისი ცოლის სკანდალებისთვის ბოდიში მოიხადა

სამხრ. კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი და პირველი ლედი, კიმ კიონ ჰი
Newsis

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა პირველი ლედის, კიმ კიონ ჰის სკანდალებისთვის ქვეყნის წინაშე ბოდიში მოიხადა

იუნ სუკ იოლმა ქვეყანას ტელევიზიის ეთერში მიმართა და თქვა, რომ მისი ცოლი უკეთ უნდა მოქცეულიყო, თუმცა, ამავდროულად, მას გადაჭარბებით "დემონიზებულ" ჭრილში ხატავენ და მის წინააღმდეგ ზოგი ბრალდება "გაზვიადებული და გამოგონილიც კი" არის.

მანამდე, სამხრეთ კორეის პირველი ლედი, კიმ კიონ ჰი რამდენიმე სკანდალში გაეხვა, რამაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოპულარულობა დააზიანა. კიმ კიონ ჰის, მათ შორის, ქრთამის აღებასა და საფონდო ბირჟაზე ფინანსურ მანიპულირებაში ადანაშაულებენ. 

იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების მხრიდან გადაცდომების ზედამხედველ ორგანოს შექმნის, იმ შემთხვევაში თუ სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეა ამ თანამდებობაზე პირს წარადგენს. თუმცა, პრეზიდენტმა პირველი ლედის წინააღმდეგ ბრალდებების გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა. 

"ახლანდელი საზოგადოებრივი განწყობის სრული გათვალისწინებით, მართალია, პირველი ლედის საჯარო აქტივობები ისედაც მინიმალური იყო, მაგრამ ახლა სრულიად შეჩერდება, თუკი მე და პრეზიდენტის მრჩევლები დიპლომატიური პროტოკოლისთვის ან ეროვნული ინტერესისთვის აუცილებლად არ მივიჩნევთ". - თქვა იუნ სუკ იოლმა. 

სამხრეთ კორეის მთავარი ოპოზიციური პარტია, სამხრეთ კორეის დემოკრატიული პარტია ქვეყნის პირველ ლედის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ფასით მანიპულირებაში სდებს ბრალს. 

ამასთასამხნ, 2023 წლის ბოლოს YouTube-ზე ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ჩანდა, რომ კიმ კიონ ჰიმ მოძღვარისგან საჩუქრის სახით 3 მილიონი სამხრეთ კორეული ვონის ღირებულების დიორის ხელჩანთა მიიღო, რითაც ქრთამის საწინააღმდეგო კანონი დაარღვია. 

პირველ ლედის ასევე სახელმწიფო საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებენ, რასაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უარყოფს. 

გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტს, ისე პირველ ლედის, არჩევნებში მმართველი პარტიის, ხალხის ძალის პარტიის, კანდიდატების ნომინაციებში ჩარევაში ადანაშაულებენ. ბრალდების თანახმად, პრეზიდენტმა 2022 წლის არჩევნებზე პოლიტიკურად გავლენიანი პირის, მიუნგ ტაე-კიუნისთვის სასურველი კანდიდატი წარადგინა. მანამდე, მიუნგ ტაე-კიუნმა პრეზიდენტისთვის წინასაარჩევნო გამოკითხვები უფასოდ ჩაატარა.

იუნ სუკ იოლი ამ ბრალდებებს ასევე უარყოფს.
 

კომენტარები