თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი გადაწყვეტილების გაუქმებას გამოეხმაურა.
"ცხადია, სააპელაციო სასამართლომ ჩემი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი გააუქმა და შესაბამისად, ჩემს გადაწყვეტილებას ვერავითარი სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება. მაგრამ, მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი გადაწყვეტილებით საზოგადოების ნაწილში, ახალგაზრდებში და განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და პრაქტიკულად, უიმედოდ იყვნენ, იმედმა გაიმარჯვა [...]
საქართველოში ბევრი შემთხვევა არაა, როცა ადამიანებს სამართლისა და სამართლიანობის განცდა აქვთ. მე მაინც მგონია, რომ თუ ჩემი გადაწყვეტილებით ერთმა ადამიანმა მაინც რაიმე ირწმუნა, ეს ძალიან დიდი შედეგია". - თქვა ხუჭუამ TV პირველთან საუბარში.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება ხმის ფარულობის დარღვევის გამო წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე ბიულეტენების ბათილად ცნობისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ.
ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ საიას სარჩელი 4 ნოემბერს დააკმაყოფილა და ორ საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების ჩატარება განსაზღვრა. შემდეგ კი გადაწყვეტილება ცესკომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.