მაშინ, როცა მოლდოველებმა არჩევნების გზით მათი ევროპული მისწრაფება დაამტკიცეს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით ქვეყნის ევროინტეგრაცია კიდევ უფრო შენელდა.
კონტექსტი ორივე ქვეყანაში მსგავსია. ასოცირებული ტრიოს ორივე წევრ სახელმწიფოში საუბრობენ არჩევნებში მასობრივ ჩარევაზე, იქნება ეს დესტრუქციული ძალისხმევა რუსეთიდან მოლდოვაში, თუ ანტიევროპული პროპაგანდა, მოსყიდვა და დაშინება საქართველოში. განსხვავება ისაა, რომ მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, მოლდოველებმა მაინც შეძლეს სწორ გზაზე დარჩენა, რადგან ახლანდელი ხელისუფლების მეორე ვადით არჩევა სწორედ ამის გარანტი იყო.
საქართველოს შემთხვევაში პროევროპულმა მოქალაქეებმა და ოპოზიციამ ვერ შეძლეს ქართული ოცნებისთვის შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა. საინტერესო ისაა, რომ კვლევების თანახმად საქართველოს მოქალაქეების უფრო დიდი ნაწილი, 85%-ზე მეტი უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს, ვიდრე მოლდოველების.
პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალა მოქალაქეების ამ მისწრაფებას არ იზიარებს, ხოლო მოლდოვის შემთხვევაში პირიქით. ეს კი ქმნის საკმარის ძალას იმისთვის, რომ ყოველგვარი გარეგანი თუ შინაგანი ჩარევის ფონზე პოზიტიური შედეგი დადგეს.
საქართველო, მაგალითად, ეკონომიკური მაჩვენებლებით მოლდოვაზე უფრო წარმატებულია, თუმცა სწორედ ამგვარი პოლიტიკური მდგომარეობაა მიზეზი იმისა, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკვე ბევრად უფრო წინაა - მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანამ პროცესის დაწყება ერთი და იმავე დროს სცადა. ეს აისახა ევროკომისიის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ გაფართოების შესახებ ანგარიშშიც.
ევროკომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსთან ერთად ევროკავშირისგან მიღებული 9 რეკომენდაციიდან სრულად არცერთი შეუსრულებია და დამატებით ხელისუფლების ნაბიჯების, მათ შორის უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონის მიღების გამო ამჟამად გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
ევროკომისიამ არჩევნების კონტექსტში ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წინასწარი დასკვნებში აღნიშნულმა ფაქტებმა - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევამ, პროცედურულმა შეუსაბამობებმა, დაშინებამ, ზეწოლამ და სხვა, ნეგატიურად იმოქმედა პროცესის მიმართ ამომრჩევლისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობაზე.
ამ დროს, კომისია მოლდოვასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2024 წლის ივნისში გახსნილი გაწევრიანების მოლაპარაკებები ქვეყანასთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო და 2025 წელს დიდი ალბათობით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად თემატური მოლაპარაკებებიც გაიხსნება.
"წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატი ქვეყნებმა წინ წაიწიეს" - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.
იმაზე, რომ დარღვევებით ჩატარებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების ანტიდასავლურმა ნარატივებმა საქართველო დემოკრატიულ პარტნიორებს ჩამოაშორა, მეტყველებს ისიც, თუ ამჟამად ვინ აღიარებს შედეგებს. არჩევნებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ ქართულ ოცნებას გამარჯვება მიულოცეს მეზობელმა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მათი მილოცვები ასევე მიიღეს უნგრეთისგან, ვენესუელისგან, ჩინეთისა და ირანისგან.
არჩევნების შედეგებით კმაყოფილია რუსეთიც და საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი "მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გააგრძელოს". მეორე მხრივ ევროკავშირთან ერთად საქართველოში არჩევნებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეიზიდენტიც. ბაიდენმა საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული ყოველი დარღვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების ფაქტები.
პარალელურად, მოლდოვის არჩვნების შედეგები უკვე აღიარეს და მაია სანდუს გამარჯვება მიულოცეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანდუ შეაქო რთულ გამოწვევებთან წარმატებით გამკლავების გამო, ხოლო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთიდან მართული გაყალბების მცდელობის მიუხედავად მის გამარჯვებას ისტორიული უწოდა.
საბოლოოდ, ოქტომბრის ბოლო რამდენიმე დღეში მივიღეთ მოლდოვა, რომელსაც მომდევნო 4 წლით კვლავ პროევროპული ხელისუფლება ეყოლება და ამ გზაზე სიარულს გააგრძელებს ჩანაწერით კონსტიტუციაში, რომელიც ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს ადასტურებს. იმავე დღეების შემდეგ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა და დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები ამჟამად სამოქალაქო პროტესტის ეპიცენტრია.
საქართველოს მოსახლეობას შემდეგი თვეების გატარება კვლავ გაურკვევლობაში მოუწევს. მაშინ, როცა ოპოზიცია და ქვეყნის პრეზიდენტი არჩევნების შედეგს არ ცნობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ქართველები მხარდაჭერას ელიან საერთაშორისო პარტნიორებისგანაც. საბოლოო სიტყვა კვლავ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა თქვან, თუმცა პასუხს დასავლეთიდან დიდი ცვლილების წახალისება ან შეჩერება შეუძლია.
ავტორი: ირაკლი მაჩაიძე




