სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, მათთვის ცესკოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ 23 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე სიაში იყო რეგისტრირებული.
"ცესკოსგან მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა ნორმალურ განაწილებასაა აცდენილი და გამორიცხულ, ან არაბუნებრივ მახასიათებლებს შეიცავს. მაგალითად, 62 უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობა 80%-დან 100%-მდე იყო, ქალების კი 57%. ასევე, ზოგიერთ უბანზე ისეთი ფაქტები გამოიკვეთა, როცა ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც კი უტოლდება.
მაგალითად, 23 უბანზე, არჩევნებში სიაში რეგისტრირებულ მამაკაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, პირდაპირ მანიპულაციებზე მიუთითებს [...] მაგალითად, ბორჯომის მე-11 საარჩევნო უბანზე 514 კაცი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებზე მისული კაცების რაოდენობა კი არის 599. ასეთივე შემთხვევები დაფიქსირდა ყვარლის, წყალტუბოსა და ადიგენის ზოგიერთ უბანზეც". - თქვა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.
ასევე, დოლიძის თქმით, 275 უბანზე ერთიანი სიიდან ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. მათ შორის, მისივე განცხადებით, 243 უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, 32 უბანზე კი ქალის.
ნინო დოლიძე ამბობს, რომ ოლქებისა და უბნების მიხედვით გენდერულ სტატისტიკაზე ცესკოს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია შეცვლილია იმასთან შედარებით, ვიდრე ცესკოს იქამდე ჰქონდა გამოქვეყნებული.
"ჩვენ მიერ საარჩევნო უბნების მიხედვით დეტალიზებული ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, ამომრჩეველტა აქტივობის პირველადი მონაცემები ცესკოს საიტზე აღარ იძებნება. იმავე ბმულზე კი აქტივობის განახლებული მაჩვენებელია ატვირთული". - თქვა დოლიძემ.