სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით, მათ მარნეულისა და გარდაბნის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად არ ხდებოდა და ტრადიციული წესით ხორციელდებოდა, ისეთი ბიულეტენები აღმოაჩინეს, სადაც ქართული ოცნება იყო შემოხაზული, იქვე კი კონკრეტული ამომრჩევლის ხელმოწერა ჰქონდა თანდართული.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს ამომრჩევლის ნების კონტროლის ერთ-ერთი გზა იყო, რათა მათ დაედასტურებინათ, რომ ხმა ნამდვილად მმართველ გუნდს მისცეს.
"ვნახეთ ისეთი ბიულეტენები, სადაც ქართული ოცნება იყო შემოხაზული და იქვე ხელმოწერა ჰქონდა, რაც, შესაძლოა, ადასტურებდეს, რომ ამ ამომრჩევლების ნების კონტროლი ასეთი გზით ხდებოდა - რომ მათ დაედასტურებინათ, რომ ხმა ნამდვილად მმართველ გუნდს მისცეს [...] ხელმოწერებით მინიშნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი ხდებოდა და მათ დავალება ჰქონდათ, რომ ხმა ქართული ოცნებისთვის მიეცათ". - თქვა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.
TV პირველმა ასეთი ბიულეტენის რამდენიმე ფოტო გაავრცელა.






