კოალიცია ცვლილებებისთვის ერთერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს. მისი თქმით, გამოძიებას კითხვები ძირითადად იმ ვიდეოსთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელიც მან ჩაწერა გაყალბების სქემებთან დაკავშირებით.
"აინტერესებდათ მტკიცებულებები და რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებგვერდების, მისამართების, სადაც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, არამხოლოდ პროკურატურას, შეუძლია, ნახოს წყება ამ მტკიცებულებებისა.
დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის, სადაც ძირითადად მიწევდა მითითება სხვადასხვა ვებგვერდებსა და მისამართებზე, ტვიტერის ექაუნთებზე და ასე შემდეგ, აქამდე როგორ არ ჰქონდათ ნანახი, არ ვიცი, ან ჰქონდათ და მაინც მეკითხებოდნენ.
ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს? ესეც არის ჩვეულებრივი გაყალბების გაგრძელება ახლა, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს, რომლითაც სავსეა ინტერნეტი" - ამბობს ჯაფარიძე.
პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე გამოკითხულ მოწმეებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდნენ, "კონკრეტული დამკვირვებლის სახელი და გვარი არ დაუსახელებიათ".
"როდესაც გამოძიება მოახდენს კონკრეტული დამკვირვებლების იდენტიფიცირებას, არის უამრავი ადამიანი, რომელიც დასაქმებულია სხვადასხვა სექტორში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დავიბარებთ, გამოვკითხავთ ან დავკითხავთ სასამართლოში" - ამბობს პროკურორი.
არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე უკვე გამოკითხეს გახარია-საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი და ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო - არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.





