საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 7 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
"ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან". - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.
ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, სამიტზე მისაწვევი წერილი მონაწილე ქვეყნების ლიდერებს 25 ოქტომბერს გაუგზავნეს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ბოლოს მიმდინარე წლის 18 ივლისს გაიმართა. მას 43 ევროპული ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ირაკლი კობახიძეც.