ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დიპლომატიური კორპუსის ლიდერებს შეხვედრაზე არჩევნების გაყალბების სამხილები წარუდგინეს.
"ერთ-ერთი მთავარი მიზანი დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რაც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად. ასევე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციური ფრონტზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის". - თქვა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას განცხადებით, ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერები დაგეგმილი საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ.
"[...] ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს ქართული ოცნების სახით და არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომლის ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად.
[...] დიპლომატიურ კორპუსს ასევე კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, ხანგრძლივი, განგრძობადი და შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები [...]". - თქვა ენმ-ს ლიდერმა.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღეს, 1 ნოემბერს შეხვდნენ.





