არჩევნები 2024

მდინარაძე: ბაიდენის განცხადებას დავარქმევდი არჩევნების კრიტიკულ აღიარებას

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება იყო საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების "კრიტიკული აღიარება", ხოლო ჰელსინკის კომისიის განცხადება, მდინარაძის მტკიცებით, შეურაცხმყოფელი და უკიდურესად ტენდენციურია.

"მინდა, გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს გუშინ. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო - ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსთვის. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას, იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცეებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის". - თქვა მდინარაძემ.

საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. ბაიდენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყოველი დარღვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების ფაქტები და გაიწვიოს კანონები, მათ შორის, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავენ. 

აშშ-ს ჰელსინკის კომისია კი X-ზე წერს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს, ხოლო აშშ-მ და ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა ქართველ ხალხს დემოკრატიის დაცვაში დაეხმარონ. 

ჰელსინკის კომისია X-ის პოსტში კომპანია Europe Elects-ის კვლევასაც უთითებს, რომელიც მონაცემთა ანალიზითა და მათი გრაფიკულად ასახვის გზით, 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბებას აჩვენებს. 

კომენტარები