არჩევნები 2024

რას წერს ბაიდენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე?

ჯო ბაიდენი ებრაული საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრაზე, 2023 წლის 11 ოქტომბერი.
AP/Susan Walsh

საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. ბაიდენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყოველი დარღვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების ფაქტები და გაიწვიოს კანონები, მათ შორის, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავენ. 

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება

"აშშ დიდი ხანია, ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამიტომ შეშფოთებული ვარ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონმდებლობის ანალოგიურია და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს ზღუდავს.

სულ ახლახან საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ასევე ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების არაერთი ფაქტი. 

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიხედვით, არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და არჩევნების სანდოობის აღდგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება". - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები