სამხრეთ კორეელმა პარლამენტარებმა 29 ოქტომბერს, სადაზვერვო სააგენტოსგან მიღებული ცნობების შემდეგ, განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაგზავნილი სამხედრო მაღალჩინოსნები და ჯარისკაცები შესაძლოა უკრაინასთან ომის ფრონტის ხაზთან გაიგზავნონ.
პარლამენტარებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ დროის რა მონაკვეთშია ეს მოსალოდნელი. მანამდე, NATO-მ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ჯარისკაცები რუსეთში გაგზავნა და, რომ სამხედრო დანაყოფები რუსეთის კურსკის ოლქში, უკრაინის საზღვართან, არიან განლაგებული.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების პირველი პარტიის საბრძოლო ზონებში გამოყენებას 27-28 ოქტომბერს გეგმავდა.
23 ოქტომბერს აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეელმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.
ზელენსკიმ უკრაინაში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებს გაგზავნის შესახებ ცნობა პირველად 14 ოქტომბერს გაავრცელა. მოგვიანებით, რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმად, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების წვრთნებს ასახავს რუსეთის პრიმორსკის მხარეში.





