ევროპელი და კანადელი პარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
12 დასავლელი პარლამენტარი აცხადებს, რომ ჩატარებული არჩევნები "არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი", რის გამოც ისინი ევროკავშირს შედეგების არაღიარებისკენ მოუწოდებენ:
"ჩვენი სოლიდარობა საქართველოში იმ ერთგულ ევროპელებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს, თავისუფლებისკენ სწრაფვას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის პრინციპს იზიარებენ. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ საქართველო გაერთიანებული ევროპის გულში ადგილს იმსახურებს.
თუმცა, ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი. არჩევნებამდე პერიოდში პოლიტიკური კლიმატი შეუთავსებელი იყო სამართლიანობის ევროპულ სტანდარტებთან. იყო კანდიდატების დაშინება და მათდამი მუქარა, სახელმწიფო ძალაუფლება ბოროტად იყო გამოყენებული, იყო ხმების ყიდვა. არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებისგან ცნობები ამას ადასტურებს. მაშასადამე, იყო არჩევნების მნიშვნელოვანი გაყალბება დაშინებისა და ხმების ყიდვით არჩევნების დღესაც.
ქვეყანა იმაზე უფრო დაყოფილია, ვიდრე ვშიშობდით, ურბანულ და რურალურ რეგიონებს შორის, ახალგაზრდებსა და ასაკოვანებს შორის.
ეს არჩევნები იყო ევროპა ან იზოლაცია, დემოკრატია ან ავტორიტარიანიზმი, თავისუფლება ან რუსიფიკაცია. აშკარად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკმარისად ცხადად ვერ გამოჩნდა, რომ მმართველი პარტიითა და მისი პოლიტიკით ევროკავშირთან დაახლოება ვერ გაგრძელდება. ქართული ოცნების პოლიტიკა უბრალოდ შეუთავსებელია ევროკავშირთან.
მზაკვრული კამპანია „გლობალური ომის პარტიის“ შიშზე, რომელსაც საქართველოს მეორე უკრაინად გადაქცევა სურს, ნოყიერ ნიადაგზე დაეცა. მხოლოდ ერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს, მას თავისი სახელით უნდა დაუძახოთ. მისი სახელია რუსეთი.
ამ ფონზე, ევროკავშირმა [არჩევნების] შედეგები არ უნდა აღიაროს.
ჩვენ მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არასამართლიანი გავლენის მოხდენაზე, დაშინებაზე და მუქარაზე არის პასუხისმგებელი.
მიუხედავად ამ უდიდესი იმედგაცრუებისა, ჩვენ არ უნდა მივატოვოთ საზოგადოების პროევროპული ნაწილი, არამედ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოების შორის მიმოცვლა. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ისეთ კოლექტიურ დასჯას, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. თუმცა, ჩვენ გვაქვს იმის შიში, რომ კარგად განათლებული, პროევროპული ახალგაზრდები დატოვებენ ქვეყანას. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ევროკავშირში მივესალმებით თქვენს ჩამოსვლას, ეს ძალიან დიდი ტრაგედია იქნება საქართველოს [ევროპული] ორიენტაციისთვის.
ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ქვეყნის "ბელარუსიფიკაციით“. თუ მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის განცხადებებს ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება, არსებობს ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და აკრძალვის საფრთხე. ევროკავშირმა ნათლად უნდა დაანახოს მმართველ პარტიას, რომ ამას არ მოითმენს და ამას ურთიერთობების სრული შეწყვეტა მოჰყვება.
ჩვენ ვაგრძელებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის გაერთიანების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაცვის ძალისხმევასა და საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებაში მხარდაჭერას".
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი;
ლიტვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ემანუელის ზინგერისი;
ლიტვის პარლამენტის სპიკერის მოადგილე და ევროპასთან ურთიერთობების თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი;
ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩარლზ ფლანაგანი;
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი;
ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი;
პოლონეთის სენატის ევროპასთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბოგდან კლიჩი;
შვედეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილე, კერსტინ ლუნდგრენი;
უკრაინისი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრ მერეჟკო;
ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ინარა მუნიეცე;
პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რადოსლავ ფოგიელი;
კანადის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ალი ესასი.





