ჩრდილოეთ კორეა-გერმანია

გერმანია: ჩრდ. კორეის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის გერმანიასაც

ფოტო: KCNA/REUTERS

23 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის საქმეთა დროებითი რწმუნებული ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების, სავარაუდოდ, უკრაინის ომში რუსეთის დასახმარებლად გაგზავნის გამო დაიბარა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, "ფხენიანის მხრიდან რუსეთის ომში მხარდაჭერა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ასევე გერმანიის უსაფრთხოებასა და ევროპულ სამშვიდობო წესრიგს".

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, სამინისტროს ეს ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად ჩასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა.

"თუ უკრაინაში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩასვლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და თუ ჩრდილოეთ კორეა ახლა უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომს მხარს უჭერს, მაშინ, ეს საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. ფხენიანის მხრიდან რუსეთის ომში მხარდაჭერა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ასევე გერმანიის უსაფრთხოებასა და ევროპულ სამშვიდობო წესრიგს".  - წერს გერმანიის საგარეო უწყება X-ზე.

23 ოქტომბერს, აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, "ძალიან სერიოზული" იქნება, თუკი ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში რუსების გვერდით საბრძოლველად ემზადებიან.  

სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 

ეროვნული დაზვერვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია. 

14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. 

"ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება". – თქვა ზელენსკიმ.

უფრო ადრე, 8 ოქტომბერს ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომაც. 

"ვინაიდან რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც სამხედრო კავშირს გავს, უკრაინაში ჯარის გაგზავნის ალბათობა მაღალია". 

ბოლო პერიოდში რუსეთ და ჩრდილოეთ კორეა ურთიერთობის გამყარებით არის დაკავებული. 2024 წლის ივნისში ქვეყნის ლიდერებმა, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობასაც გულისხმობს. 

ცოტა ხნის წინ ბრიტანული გამოცემა The Times ასევე წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვი რუსეთს გადასცა.

კომენტარები