თბილისის მერი, კახა კალაძე დაზიანებული წყლის მილის შედეგად, ზღვისუბნის პარკში, საფეხმავლო ბილიკზე მიწის ჩატანის ფაქტს გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ ეს "უსამშობლო ადამიანებს" გაუხარდათ.
"გუშინ ერთ-ერთ ფერდზე წყლის მილი დაზიანდა, რამაც პატარა ფერდის ჩამორეცხვა გამოიწვია, მიწა ჩამოიტანა და უნდა გენახათ, ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, რომ რამდენიმე დღის წინ გახსნილი სკვერი, თითქოს, რა მდგომარეობაშია. არადა, არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, პატარა პრობლემა გამოიწვია, რაც შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება და წინსვლა.
თუმცა, 26 ოქტომბერს ამ ადამიანებს შესაბამისი პასუხი გაეცემათ, როცა მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდეს განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და აღორძინება [...] მინდა, ყველას, ვისაც თბილისის წინსვლა არ უხარია, ვუთხრა, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. თავისი სილამაზით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებული სივრცეებითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით". - თქვა კალაძემ.
თბილისის მერია გვერდის ჩემი ქალაქი მკლავს გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
"სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
"შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება" - წერია მერიის განცხადებაში.