ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი რუსეთში 22 ოქტომბერს BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოლაპარაკებებს ორივე ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა.
რუსული მედია INTERFAX-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი ჩინეთთან კოორდინაციის გაზრდას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გააგრძელებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები არ არის ოპორტუნისტული ხასიათის და მოდელია იმისა, თუ როგორ უნდა შენდებოდეს თანამშრომლობა თანამედროვე მსოფლიოში.
თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ "საერთაშორისო ურთიერთობების ტურბულენტობა ვერ შეარყევს ორი ქვეყნის მეგობრობას და არჩევანს - მტკიცედ დაუდგნენ ერთმანეთს გვერდში".
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, სი ძინფინგისა და პუტინის საუბარი იყო "კონსტრუქციული და გულწრფელი".
"კონკრეტული საკითხები განიხილებოდა ძალიან გულწრფელად, საქმიანად და კონსტრუქციულად. ეს არის იმ თემების განვითარების ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, რომლებსაც ეხებოდა პუტინის ბოლო ვიზიტი ჩინეთში". - თქვა პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და, ზოგადად, საერთაშორისო ვითარების განხილვას: "ხაზი გაესვა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული პოზიციებისა და მიდგომების მსგავსებას". - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილეს თუ არა ქვეყნების ლიდერებმა აშშ-სთან ურთიერთობების საკითხიც, პესკოვმა უპასუხა, რომ საუბარი "კოლექტიურ დასავლეთსაც" შეეხო: "საქმე იმაშია, რომ ისინი არღვევენ როგორც ჩვენს, ისე ჩინეთის ინტერესებსაც, ამიტომ გასაზიარებელი ნამდვილად იყო" - თქვა მან.
18 ოქტომბერს, BRICS-ის ქვეყნების მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები ძალიან სანდოა და თანაბარუფლებიან საფუძველზე შენდება: "ჩვენ არ გვყავს უფროსი-უმცროსი, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის ინტერესებში ვმუშაობთ და ეს გამოგვდის". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.