რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ვიდეოზარის მეშვეობით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთქმედება განიხილეს.
პუტინმა რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს და ყოვლისმომცველ პარტნიორობას სამაგალითო უწოდა. მისი თქმით, ქვეყნები ავითარებენ ურთიერთობებს ყველა სფეროში, საერთაშორისო სიტუაციის მიუხედავად.
"სავაჭრო ბრუნვამ, ზედიზედ მესამე წელია, 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჩვენი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის ვაჭრობის მოცულობა 20%-ზე მეტით გაიზარდა. მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო კოორდინაცია გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორუმებზე. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ყველა ერთობლივი ძალისხმევის მიმართ, რომლებიც მიმართულია ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების საკუთარი გზის არჩევის უფლების უზრუნველსაყოფად". - თქვა პუტინმა.
სი ძინფინგმა კი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავებისკენ.
"ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. სავაჭრო თანამშრომლობა დინამიკურად და სტაბილურად ვითარდება და ახალ სფეროებში თანამშრომლობა წარმატებით მიიწევს წინ". - დაამატა ჩინეთის პრეზიდენტმა.





