არჩევნები 2024

კორეაში მცხოვრები ბლოგერი უარის მიუხედავად, ოცნებიდან კომისიის წევრად მაინც წერია

სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველი ბლოგერის, სოფიო კვინიკაძის (Depressed Georgian in South Korea) თქმით, სეულში ქართული ოცნებიდან დანიშნულ სადამკვირვებლო კომისიის წევრთა სიაში ყოფნაზე უარის მიუხედავად, მისი სახელი და გვარი მაინც წერია.

"რადგან ასე ვაქტიურობდი არჩევნების პროცესებში, მინდოდა რომ აქ [სეულში] დამკვირვებელი ვყოფილიყავი. ამიტომ, ვთხოვე საელჩოს, რომ დამკვირვებელი ვიქნები-თქო და საელჩომაც მითხრა, რომ შეგიყვანთ სიაში და გავაგზავნით თქვენს სახელსო. რამდენიმე დღეში შემოვიდა საქართველოდან ზარი - სოფოს ხომ არ უნდა ოცნების დამკვირვებელი რომ იყოსო, მკითხეს. მე კატეგორიული უარი განვაცხადე, მეთქი-ბოდიში და შ** ხომ არ აქვთ, რა ოცნების დამკვირვებელი, დებილები თუ არ არიან - მე მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაპროტესტებ ამ პარტიას, ამათ კანონს ვგმობ, ათასმა ვიღაცამ შემომიტია, მათრიეს, გამანადგურეს და ბედავენ და რეკავენ და მეუბნებიან, რომ ვიყო მათი დამკვირვებელი.

ამის შემდეგ, მითხრეს, რომ ბოდიში და დაახვიოს და არაფერ დამკვირვებლად არ დავნიშნავთო, საბოლოო ჯამში, სტატუსი არ მომცეს.

ახლა შემომდის დედაჩემისგან ზარი, რომ რაღაც ცრუ ინფორმაცია გავრცელდა შენთან დაკავშირებითო [...] რატომ ვარ ჯერ კიდევ სიაში, მაინტერესებს. [...] ეს არის აბსურდი, ახლა რაც ხდება [...]" - ამბობს კვინიკაძე ვიდეომიმართვაში.

ტაბულას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს. 

ცესკოს ცნობით, თუკი კვინიკაძეს არ სურს სიაში ყოფნა, წერილობითი განცხადებით კომისიის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს.

კომენტარები