კითხვა "რა“ შემთხვევით არ დამისვამს, რადგან არჩევანი ახლა უფრო მეტად "რა“-ს ეხება და არა "ვინ“-ს. წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, სადაც სწორედ შინაარსს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. ასეთი შემთხვევა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში სულ რამდენიმე იყო:
- 1990 წელი, როდესაც საზოგადოებამ საქართველოს დამოუკიდებლობა აირჩია;
- 2003 წელი, როდესაც საზოგადოებამ უარი თქვა პოსტსაბჭოთა ტიპის მმართველობაზე და ცვლილებების გზას დაუჭირა მხარი;
- 2012 წელი, როდესაც ავტორიტარიზმისკენ გადახრას საზოგადოების პროტესტი დახვდა და პირველად ხელისუფლების ცვლილების გზად არა რევოლუცია ან გადატრიალება, არამედ არჩევნები განისაზღვრა.
ასეთივე ეგზისტენციალური კენჭისყრა გველის ახლაც, რადგან არა უბრალოდ პარლამენტი, არამედ ქვეყნის შემდგომი განვითარების გზაც უნდა ავირჩიოთ!
განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც იდეას მკაფიოდ გამოკვეთილი, ძლიერი ლიდერი წარმოადგენდა (ზ. გამსახურდია; მ. სააკაშვილი; ბ. ივანიშვილი), ამ ჯერზე ასეთი ლიდერის გარეშე ვართ. ერთის მხრივ ეს ამომრჩევლის ნაწილის დაბნეულობას იწვევს, რადგან "არავინაა მოსაწონი“, მაგრამ, იმავდროულად, ქარიზმატული ლიდერის არარსებობა საზოგადოებას აიძულებს აქცენტი არა პიროვნებაზე, არამედ შინაარსზე, პრობლემაზე, ანუ "რა“-ზე გადაიტანოს!
ამ "რა“-ს კი კარგად შეცნობა და გაშლა-განვრცობა ნამდვილად ესაჭიროება, ამიტომაც აქ უკვე დამატებითი კითხვები დაისმის: პროგრესი თუ რეგრესი? დემოკრატია თუ ავტოკრატია? ევროპა თუ პოსტსაბჭოური ორღობე? ომი თუ მშვიდობა? ღირსება თუ მორჩილება? და ა.შ.
თუკი პირველ სამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა, ბოლო ორი კითხვა საზოგადოებაზე მანიპულირების ინსტრუმენტად იქცა და დამატებით "დაზუსტება-ჩაზუსტებას“ საჭიროებს. ერთი შეხედვით პასუხი აქაც მარტივი და ცალსახა უნდა იყოს. რომელი ჭკუათმყოფელი აირჩევს ომს, ან მორჩილებას და უარს იტყვის საკუთარ ღირსებაზე?! და აი, სწორედ აქ ჩნდება საჭიროება, განიმარტოს, ან ომს ვისთან და რატომ ვაპირებთ, ან მშვიდობას ვინ როგორ და რა ფასად გვთავაზობს, ან "ღირსებას“ რას ვეძახით, ან "მორჩილებად“ რას მივიჩნევთ!
მაშ ასე, ომი თუ მშვიდობა? საქართველოს მთელი ისტორია ომების ისტორიაა, ზოგჯერ წარმატებული, ზოგჯერ წარუმატებლის, მაგრამ მუდმივი ბრძოლაა სახელმწიფოებრიობისთვის, ფასეულობებისთვის, იდენტობისთვის! ვიბრძოდით ხმლით და ზოგჯერ უხმლოდ (მაგ. ცოტნე დადიანი), ჯვრით (თუნდაც ქეთევან დედოფალი) და ჯვრის გარეშეც (მაგ. მემედ აბაშიძე), კალმით, ხელოვნებით, სიმღერით...
ამ ბრძოლებში გამარჯვება ცოტამ ნახა, მეტი კი მტერმა იმსხვერპლა. ზოგი ჩვენვე მოვკალით, ზოგი აწამეს, ზოგიც გაასახლეს, დაატუსაღეს.... მაგრამ მაინც ვიბრძოდით, რადგან საკუთარს თავად თუ არ იცავ, არავინ გიშველის! ომი გვინდოდა? ცხადია, არა! ყოველთვის გვქონდა გამარჯვების იმედი? ცხადია არა! ხშირად წინასწარვე ვიცოდით, რომ განწირულნი ვიყავით, მაგრამ ბრძოლაში მაინც მივდიოდით, რადგან ის, რასაც ვიცავდით ყველაფერზე ძვირფასი იყო! ვიბრძოდით, რადგან გვწამდა, "ფუჭად არ ჩაივლიდა ეს განწირულის სულიკვეთება“! ვიბრძოდით, რადგან "უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის“, რადგან "ნაძრახ სიცოცხლეს“ "სახელოვანი სიკვდილი“ გვერჩივნა, ხოლო "მონობაში გადიდკაცებულს - თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი“! ასეთ ბრძოლებში დაიბადნენ არამხოლოდ წინა საუკუნეების სახელოვანი მეფენი თუ წამებულნი, არამედ თანამედროვე გმირებიც: შარტავა, გაბისკირია, იარაჯული, ანწუხელიძე, შინდისის გმირები... ამ შემართებით შეხვდნენ ტანკებით, მომწამლავი გაზით და ორლესული ნიჩბებით აღჭურვილ ჯალათებს 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი პროტესტანტები... ომი უნდოდათ? არა!
არადა, რა ადვილი იყო ერთი "ბაბაია“ დაეძახათ და ყველაფერი მარტივად დამთავრდებოდა. ქეთევან დედოფალს აღარ უწამებდნენ თვალწინ შვილებს და არც თავად მას აწამებდნენ, აღარც ილიას მოკლავდნენ, არც მიხეილ ჯავახიშვილს... მერაბ კოსტავაც და ზვიად გამსახურდიაც ტანჯვასა და გადასახლებებს გადაურჩებოდნენ და შესაძლოა, დღესაც ცოცხლები ყოფილიყვნენ, ექვთიმეც არ გადაყვებოდა იმ განძს, ან სულაც სათავისოდ გამოიყენებდა და ქვეყნისთვის ფასდაუდებელი საგანძურის დამბრუნებელი უკიდურეს გაჭირვებაში არ გარდაიცვლებოდა!
დიახ, ომი არავის უნდა, მაგრამ არც "ცარიელი მშვიდობაა“ სანატრელი თუკი ილორს, ბედიას და სხვა ტაძრებს შემილახავენ, საკუთარ ქვეყანაში დევნილად მაქცევენ, ხალხს გაიტაცებენ, აწამებენ, მოკლავენ! არც ის მშვიდობა მინდა, ტერიტორიებს რომ უბრძოლველად დამათმობინებს, თავისუფლებას შემიზღუდავს და სამშობლოს დიდბატონ-"ნაჩალნიკთა“ გასართობ დუქნად გადამიქცევს!
მაშ, რა ვქნათ, თუკი მტერი დიდი და ძლიერია და თუ ვიცით, რომ ბრძოლას აუცილებლად წავაგებთ? ხომ არსებობს დიპლომატიაც, რატომ არ ვცადოთ? რა თქმა უნდა, უნდა ვცადოთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის ასაცილებლად! მაგრამ დიპლომატია ეროვნული ინტერესების დათმობას როდი ნიშნავს, ან თავზე ნაცრის წაყრას და მით უფრო არ ნიშნავს მტრის გასახარად საკუთარი პარტნიორებთან კინკლაობას და მეგობრებთან ურთიერთობების გაფუუჭებას!
მტაცებელი მსხვერპლად ყოველთვის უმწეოს ეძებს. ან მარტო მყოფს ჩაუსაფრდება, ან გუნდში ყველაზე სუსტს, განაპირას გამოარჩევს და მას გაიტაცებს. ამიტომაც ომის პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარს და მეგობრებს, რომლებიც გვერდში დაგიდგებიან!
ამ ფაქტორს მეტოქე ყოველთვის სათვალავში იღებს და ცდილობს, ეს მეგობრობა დაარღვიოს, დაგიმარტოვოს, რომ შემდეგ იოლად გაგიწორდეს. ამისთვის შესაძლოა "საჩუქარიც“ შემოგთავაზოს, "მათრახის და თაფლაკვერის“ პოლიტიკა ხომ ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა! მაგრამ ასე "საჩუქრად“გაცემულს მეტოქე ასმაგად ინაზღაურებს, რადგან მთლიანად საკუთარ კონტროლქვეშ მოგაგქცევს!
უნდა გვახსოვდეს, რომ დათვი დათვია და რაც არ უნდა უწყინარად გამოიყურებოდეს, ყოველთვის შეიძლება თავს დაგესხას, რადგან "ასეთის გვარისა არს, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა უკბინოს“!
რაც შეეხება მეორე ფაქტორს - წინააღმდეგობის უნარს, ნებისმიერი მეტოქე ამასაც დიდ ანაგრიშს უწევს, მუდმივად აკვირდება, სწავლობს. რამდენადაც მეტია წინააღმდეგობის უნარი, მით უფრო იკლებს თავდასხმის ალბათობაც, ხოლო ბოდიშს და "ბარტყების გადაგდებას“ მტერი არასოდეს შეუჩერებია!
დასავლეთის თანადგომის გარეშე საქართველო სრულიად დაუცველია იმ საფრთხეებისადმი, რაც თუნდაც რუსეთის თანამედროვე სამხედრო დოქტრინით, ან ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით საჯაროდ არის გაცხადებული (აღარაფერს ვწერ კრემლის განუცხადებელ ამბიციებზე)!
ამ საკითხებზე მოსკოვის პროპაგანდისტები ღიად საუბრობენ და მადაც იმის მიხედვით ეზრდებათ, რამდენადაც ხედავენ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთოებების გაუარესებას! დიახ, გაყინული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ-თან გაუარესებული ურთიერთობები, მეტოქისადმი თავის დახრა და კონფლიქტში საქართველოს დადანაშაულება ჩვენს წინააღდეგობის უნარს აკნინებს, უმეგობროდ გვტოვებს და სულ უფრო იოლ და სასურველ საკბილოდ გვაქცევს მტაცებლისათვის, რომელსაც უკრაინაში კბილები ცოტა მოუცვდა და შესაძლოა, სასწრაფოდ დასჭირდეს "პატარა და იოლი გამარჯვება“!
ამიტომაც კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვირჩევთ ევროპას, არის სწორედ ის, რომ ომი არ გვინდა, ხოლო მშვიდობა სწორედ ევროპას მოაქვს!
ბევრჯერ ნათქვამს კვლავაც გავიმეორებ: მხოლოდ სრულ დილეტანტს ან მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მსურველს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ ის დასავლეთი, რომელიც მილიარდობით ინვესტიციას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად, იმავდროულად ამ ტერიტორიაზე ომის გაჩაღების მცდელობაში დაადანაშაულოს!
ასევე, მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანის მსურველმა შეიძლება გვითხრას, რომ დასავლეთს სჭირდება არასტაბილურობა იმ საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფანში (რითაც ესოდენ თავი მოგვაქვს), რომლის შექმნა-განვითარებისთვის ევროპამაც და ამერიკამაც ამხელა რესურსები გაიღეს და რომელმა დერეფანმაც დღეს, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სავაჭრო არხების დივერსიფიკაციისთვის!
ამიტომაც, კიდევ ერთხელ, არა ომს! არა შეთქმულების თეორიებს! და კი ევროპულ ოჯახს, კი ჩრდილო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და კი - შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას!
სათქმელი გამიგრძელდა, მაგრამ ორიოდ სიტყვა ღირსებაზეც უნდა ვთქვა! ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია ევროკავშირის ქვეყნებში, დამეთანხმება, რომ იქ ღირსებაწართმეული ქვეყანა არ არსებობს! ევროკავშირი ღირსეულთა გაერთიანებაა და მისი მთელი ხიბლიც იმ მრავალფეროვნებაშია, რომელსაც წევრი სახელმწიფოები ქმნიან!
განსხვავებით სსრკ-სა და მაშინდელ სოციალისტურ რეალობაში გავრცელებული ტერმინისა - "საბჭოთა ხალხი (советский народ)“, არ არსებობს ტერმინი "ევროპელი ხალხი“! სამაგიეროდ, არსებობს "ევროპელი ხალხები“ და "ევროპული საზოგადოება“, რაც, მისი შინაარსიდან გამოდინარე არა ერთგაროვნებას, არამე წევრთა მრავალფეროვნებას და თითოეულის თანასწორად და ღირსეულად წარმოჩენას გულისხმობს!
ევროპულ დედაქალაქებში ხშირად ნახავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან სულაც ფეხით მიმავალ სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს, მინისტრებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ამ საზოგადოებებში "ღირსება“ მოქალაქის ღირსეულად წარმოჩენას გულისხმობს და არა მმართველთა პომპეზურობას! დიახ, ევროპას სწორედ ღირსეული საქართველო სჭირდება! ამიტომაც აფინანსებს ევროკავშირი თუ შეერთებული შტატები ჩვენი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის პროგრამებს. ამიტომაც ეხმარება ქართულ საზოგადოებას გაძლიერებაში, მისი ყველა წევრის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში, რადგან მხოლოდ ძლიერი საქართველო, ჯანსაღი და ქმედითი საზოგადოებით, შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი!
ამიტომაც კი ღირსებას და კი ევროკავშირს!
სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი რეალობა ღირსეულისგან შორს დგას! ღირსების დაცვაზე ვლაპარაკობთ იქ, სადაც სახელმწიფო სამსახურმა ჩინოვნიკები გაამდიდრა, ვლაპარაკობთ მაშინ, როდესაც სწორედ ღირსეული პირობების არქონის გამო ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება უწევთ! მხოლოდ შარშან საქართველოდან ემიგრაცია 95.6 პროცენტით გაიზარდა (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)!
ღირსებაზე ვსაუბრობთ იქ, სადაც პროვნების შეურაცხყოფა, თვალთვალი და მუქარა ნორმად იქცა, სადაც პირადი ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკური ბრძოლის ჩვეული ინსტრუმენტია; სადაც მლიქვნელობა და ბელადისადმი ერთგულება ინდულიგენციაა, სადაც სიტყვა "ტრადიცია“ ზოგჯერ პროგრესის ანტონიმად გამოიყენება, ხოლო თავისუფლება კი ზოგიერთისთვის "რაც გამივა"-ს კეთება!.
სადაც საარჩევნო ხმა პროდუქტებზე იცვლება; სადაც ოჯახისადმი ერთგულება ზოგჯერ იმავე სუფრასთან მთავრდება, რომელთანაც ამ ერთგულების სადღეგრძელო წარმოითქმის, ხოლო რწმენა კი ზოგიერთებისთვის დღესასწაულებზე ტაძარში საპატიო ადგილას დგომის პრივილეგიით და სანთლის თუ შესაწირის სიდიდით შემოისაზღვრება!
ერთსაც დავამატებ: 1992 წლიდან მოყოლებული ათწლეულები გავატარე ქართული საგარეო პოლიტიკის სამსახურში. ბედმა მარგუნა ლეგენდარულ ქართველ დიპლომატებთან ურთიერთობა, რომელთა დარიც დღეს სახელწიფო სამსახურს სამწუხაროდ აღარ შემორჩა. ეს ხალხი, სამშობლოს ინტერესებისთვის "ცალ ფეხზე მდგომიც“ მინახავს და აუდიენციის "რიგში მდგომიც“. ისინი საკუთარ მეს, ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლესაც მეორე პლანზე აყენებდნენ და არც ჩვენი პოლიტიკის ზოგიერთი "გიგანტის“ მიერ სათაკილოდ მიჩნეული საქმის შესრულებას ერიდებოდნენ, რათა სამშობლოს ინტერესები დაეცვათ და საქმით გაემყარებინათ საქართველოს ღირსება! ამიტომაც მივაღწიეთ იმას, რაც ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ამ მიღწეულს დღითიდღე ვკარგავთ! ამიტომაც გულის გასკდომამდე მტკივნეულია ესოდენ ნაწვალებ-ნალოლიავების ასე გამეტებით, უმოწყალოდ მოშლა ვითომ "ღირსების“, სინამდვილეში კი ვიღაცის ჰიპერბოლიზებული ეგოს გამო!
და ბოლოს, ისევ კითხვა "ვინ“! მაინც ვინ ავირჩიოთ, ბიულეტენში ხომ სახელებია და არა იდეები?! რა ვქნათ, თუკი ვერავის ვხედავთ ჩვენთვის მოსაწონს? წარმოიდგინეთ, რომ შორ გზაზე მიდიხართ. "გზას ვამბობ, თორემ რა გზაა?“, ფათერაკებით აღსავსე, საშიში და ზოგჯერ შხამიანიც! გაჩერება და უკან დაბრუნება შეუძლებელია. გადარჩენა თუ გინდათ, მხოლოდ წინ უნდა იაროთ! საკვები გჭირდებათ, გზად კი მხოლოდ ერთი სასადილოა, შელახული, ბინძური, უჟმური მიმტანითა და ფლიდი დახლიდარით. მენიუშიც სულ რამდენიმე კერძია, თქვენთვის ყველა მიუღებელი! ამის მიუხედავად, მაინც რამე უნდა აირჩიოთ, რადგან სახლიდან წამოღებული საგზალი უკვე უვარგისია, ხოლო შემდგომი სასადილო კიდევ 4 წლის სავალზეა! თუ თქვენს არჩევანს ფლიდ დახლიდარს მიანდობთ, შესაძლოა, ისეთი რამ შემოგაპაროთ, რაც ყველაზე მეტად არ გინდოდათ! ამიტომაც იმ თქვენთვის არასასურველი მენიუდან, რომელსაც სხვა დროს ზედაც არ შეხედავდით, მაინც ირჩევთ ისეთს, რაც ნაკლებად გეჯავრებათ და რაშიც მეტ-ნაკლებად დარწმუნებული ხართ, რომ არ გაწყენთ!
ასეა პოლიტიკური რეალობაშიც. 26 ოქტომბერს არჩევნებია, მენიუ კი, ბევრისთვის კვლავაც მიუღებელი! ამის მიუხედავად არჩევანი აუცილებლად თავად უნდა გავაკეთოთ! თუკი კარგს ვერ ვხედავთ, მაშინ ნაკლებად უარესი აირჩიეთ, რომ იქამდე მისვლა შევძლოთ, სადაც უკეთეს მენიუს შემოგვთავაზებენ!
გახსოვდეთ, რომ სახლში დარჩენით თქვენს არჩევანს სხვა გააკეთებს და ნამდვილად არა თქვენს სასარგებლოდ.




