რატიბორის ზედმეტსახელით ცნობილი ალექსანდრ კუზნეცოვის ყოფილ ვაგნერელთა ჯგუფი, რომელიც დღეს ჩეჩნური სპეცრაზმ ახმატის შემადგენლობაში იბრძვის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ფაქტობრივ შეჩერებას ულოცავს. შესაბამისი პოსტი რატიბორზე დაქვემდებარებული პირველი მოიერიშე დანაყოფის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.
პოსტში ყოფილი ვაგნერელები საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისთვის უცხოური გავლენის აგენტის იარლიყის მიწებებისკენ მოუწოდებენ.
"ევროკავშირის სამიტმა საქართველოს კავშირში გაწევრიანების ფაქტობრივი შეჩერების შესახებ გამოაცხადა. რის გამოც საქართველოს გულითადად ვულოცავთ! თქვენ გამოფხიზლდით, გაიხსენეთ თქვენი წინაპრების შესახებ! და დროულად შეჩერდით საკუთარი სამშობლოს, საკუთარი წეს-ჩვეულებების, საკუთარი ინტერესების გაყიდვის გზაზე. მაგრამ არ გადიდგულდეთ, ეს ჯერ მხოლოდ პირველი გამარჯვებაა! და სამუშაო კიდევ ბევრი გაქვთ!
P.S. გიკარნახებთ, პრეზიდენტზე ჯერ კიდევ შეიძლება უცხოელი აგენტის იარლიყის მიწებება." – წერია პოსტში.
აქამდე, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლოდერებმა დასკვნით ტექსტში აღნიშნეს, რომ "მოქმედების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს მიღების პროცესს".
რატიბორი 2024 წლის აპრილში, 3 000 ვაგნერელთან ერთად, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის სპეცრაზმ ახმატს შეუერთდა. მისი პირველი მოიერიშე დანაყოფი (ვაგნერის ჯგუფის დროინდელი სახელი) ამჟამად კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებშიც მონაწილეობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქვედანაყოფის სახელში ამჟამად კიდევ ერთი ვაგნერელის ზედმეტსახელი "პიტერსკი" ფიგურირებს. თავად ალექსანდრ კუზნეცოვი ვაგნერის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეთაური იყო. მონაწილეობდა ჯგუფის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კამპანიებში. მის მიერ ჩეჩნურ ქვედანაყოფთან გაერთიანებას კსკ ვაგნერთან დაკავშირებული ბლოგერების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. უკმაყოფილების მიზეზი ვაგნერელებსა და კადიროველებს შორის წარსულში არსებული უთანხმოება იყო.