საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ უკრაინელ კოლეგასთან, ანდრიი სიბიჰასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთკორეელი სამხედროების ჩართვა ომს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მისივე თქმით, მსგავსი განვითარების შემთხვევაში გამოჩნდება, რომ მოსკოვს ომის წარმოება უჭირს.
"ეს სეროზული იქნება და კონფლიქტს ახალ ეტაპზე გადაიყვანს, დამატებით ახალ ესკალაციურ ეტაპზე". - თქვა ბარომ.
ამის შესახებ სიბიჰამაც ისაუბრა. მისი თმით, ამ ნაბიჯის შედეგად ომის ახლანდელი საზღვრები და მასშტაბი შეიძლება გაიზარდოს.
"ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ესკალაციის სერიოზული საფრთხეა. დიდი რისკია, რომ ახლანდელ მასშტაბსა და ახლანდელ საზღვრებს გასცდება". - თქვა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, რომ რუსულ Telegram-არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმად, ასახავენ, თუ როგორ ამზადებენ უკრაინასთან საომრად რუსები ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს პრიმორსკის მხარეში.
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში1500 ჯარისკაცი გაგზავნა და სამხედროები უკვე ადგილზე არიან. დაზვერვის ცნობითვე, ტრანსფერი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ოთხი სადესანტო გემით და სამი ფრეგატით განხორციელდა.
ჯამში, სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარ ოთხ ბრიგადას გაგზავნის.
- სეული: ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში, რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა
- ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გეგმავს
აქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საოკუპაციო არმიის მე-11 საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ბაზაზე "ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი" შექმნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Liga.net უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Ukrainska Pravda-ს ცნობით კი, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგებული ბატალიონიდან 18 ჩრდილოეთკორეელი უკვე გაიქცა





