პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, ოთხ პროევროპულ პარტიას შორის გააკეთოს არჩევანი. მისივე თქმით, პარტიები რჩებიან ქართული ქარტიის ერთგულნი და ზურაბიშვილი, როგორც ქარტიის ინიციატორი, იქნება საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების გარანტორი.
"ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება რომელიმე ამ 4 პარტიისთვის, ეს ხმა მიგვიყვანს ევროპაში, ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა პუნქტს, რომელიც წერია ქარტიაში. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას. ასე, რომ თქვენ აირჩეთ რომელი გირჩევნიათ და ყველა ერთად, ოთხივე პარტიასთან და ჩემთან ერთად, როგორც ქარტიის ინიციატორი და გარანტორი, წავალთ ამ გზაზე. თქვენ აირჩიეთ, რომელი გირჩევნიათ და ყველა ერთად, ოთხივე პარტია და ჩემთან ერთად, როგორც ქარტიის ინიციატორი და როგორც ქარტიის გარანტორი, წავალთ ამ გზაზე" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ბრიფინგზე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზეც ისაუბრა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ელჩმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპული გზისთვისა და ქართული ქარტიისთვის მხარდაჭერა.
"გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი და ურყევი ნება, რომ დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ დაგვაბრუნონ იმ გზაზე, ძალიან სწრაფად აღადგინონ ის დახმარებები, რომელიც დღეს გაყინულია, დამიდასტურა, რომ ყველაფერია მზად იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რომ საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში" - თქვა ზურაბიშვილმა.





