ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ "ჰამასი ცოცხალია" და მისი ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილის მიუხედავად, დაჯგუფება გადარჩება.
"[სინვარის] დაკარგვა ნამდვილად მტკივნეულია [ისრაელთან] წინააღმდეგობის ფრონტისთვის, თუმცა [ფრონტზე] წინსვლა მნიშვნელოვანი ფიგურების თავგანწირვით არ სრულდება", - თქვა ხამენეიმ.
განცხადებაში ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ "ჰამასი ცოცხალია და ცოცხალი დარჩება".
"[სინვარი] წინააღმდეგობისა და ბრძოლის მოკაშკაშე სახე იყო. მტკიცე გადაწყვეტილებებით, იგი მჩაგვრელი და აგრესიული მტრის წინააღმდეგ წავიდა. თავისი სიბრძნითა და გამბედაობით, 7 ოქტომბერს [ისრაელს] აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა, რაც ამ რეგიონის ისტორიაში შევიდა. შემდეგ, ღირსებითა და სიამაყით, იგი მოწამეთა სამოთხეს შეუერთდა", - თქვა ხამენეიმ.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ 16 ოქტომბერს ღაზის სექტორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჰამასის ლიდერი, იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია.
ისრაელის თავდაცვის ძალებისა (IDF) და უსაფრთხოების სააგენტო Shin Bet-ის ცნობით, სინვარი ორ ტერორისტთან ერთად სამხრეთ ღაზაში, რაფაში შეიარაღებული შეტაკების დროს მოკლეს. სინვარი უშუალო სამიზნე არ ყოფილა და მისი ცხედარი ისრაელის ჯარისკაცებმა მხოლოდ მეორე დილას, ტერიტორიის შეთვალიერების დროს აღმოაჩინეს.
საბოლოოდ დნმ-ისა და სხვა ტესტირების საფუძველზე დადგინდა, რომ ცხედარი ნამდვილად იაჰია სინვარს ეკუთვნოდა.





