უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში, სვიატო-მიხაილოვსკის საკათედრო ტაძარში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და დაარბიეს.
17 ოქტომბრის დილას სამხედრო კაპელანმა ვოლოდიმირ პედკომ განაცხადა, რომ სვიატო-მიხაილოვსკი კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მან კონფესიის მიუხედავად მოქალაქეებს ერთობლივ ლოცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ტაძარში 100-მდე თავდამსხმელი შეიჭრა და მრევლის ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა. ტაძარში შეჭრილებმა დაამტვრიეს კამერები, კარები, ფანჯრები, რამდენიმე მოქალაქეს წაართვეს მობილური ტელეფონი. თავდამსხმელებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.
თავდამსხმელების ზუსტი ვინაობა უცნობია, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის და მედიის ვარაუდით ტაძარში მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერები შეიჭრნენ.
ადგილზე მივიდა პოლიცია და კიევის საპატრიარქოს მრევლი. თავდამსხმელები ტაძრიდან გააძევეს, მათი ნაწილი კი სამართალდამცავებმა დააკავეს.
გამოცემა ზერკალო ნედელი წერს, რომ თავდამსხმელებს წინ მიუძღვოდა მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერი მიტროპოლიტი თეოდოსი.
უკრაინის ტერიტორიაზე ორი მართლმადიდებელი საპატრიარქო მოქმედებს: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქო და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – კიევის საპატრიარქო.
ომის დაწყების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს არაერთი ტაძარი და სამღვდელოების ნაწილი გამოეყო.