ალბანეთი-EU

ალბანეთმა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გახსნა

ალბანეთის პრემიერმინისტრი ედი რამა და ალბანეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ლუქსემბურგში
Photo: Igli Hasani/X

ალბანეთსა და ევროკავშირს შორის ბლოკში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას გამოცემა Euronews-ი ავრცელებს

ლუქსემბურგში დღეს ალბანეთსა და ევროკავშირს შორის აღნიშნულ საკითხზე მინისტრთა დონეზე რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა. 

ევროპული კომისიის პრესრელიზის მიხედვით, ევროკავშირის დელეგაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ევროკავშირის საბჭოს უნგრული თავმჯდომარეობის სახელით უძღვებოდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ევროკომისიის უნგრელი კომისარი გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი. ალბანეთის დელეგაციას უძღვებოდა ალბანეთის პრემიერმინისტრი ედი რამა. 

როგორც გამოცემა Euronews-ი წერს, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ბრიუსელს საშუალებას მისცემს, "გულდასმით შეისწავლოს გაწევრიანების საფუძვლები, მათ შორის, თუ როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და როგორ ფუნქციონირებენ [ალბანური] დემოკრატიული ინსტიტუტები". 

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა, კანდიდატის სტატუსი კი 2014 წელს მიენიჭა. ალბანეთი NATO-ს წევრი ქვეყანა 2009 წლიდანაა. 

ევროკავშირის საბჭო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მისაღებად მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას 2022 წელს დათანხმდა.

კომენტარები