ბელარუსი

პატიმრობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას 600 დღეა ვერ უკავშირდებიან

ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა
Belta

პატიმრობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას 600 დღეა ვერ უკავშირდებიან. ამის შესახებ ბელარუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო წერს.

 "600 დღეა არ გვაქვს ცნობები მარია კოლესნიკოვასგან. ძალიან განვიცდით: ცოცხალია, თუ არა, ჩვენი მაშა?

მარია ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ მარიასა და სხვა პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის". – წერს ბაბარიკო.

პროფესიით ფლეიტისტი მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. მოგვიანებით ის სვეტლანა ტიხანოვსკაიას გაერთიანებული ოპოზიციური შტაბის წევრი გახდა. 

2020 წლის 7 სექტემბერს კოლესნიკოვა ბელარუსმა ძალოვნებმა გაიტაცეს და უკრაინის საზღვართან მანქანით მიიყვანეს. ოპოზიციონერს ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ, მაგრამ პასპორტის კონტროლის ზონაში ქალმა პასპორტი დახია და მანქანით გადახტა. ძალოვნებმა კოლესნიკოვა მალევე დააკავეს.

2021 წლის სექტემბერში სასამართლომ კოლესნიკოვას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2022 წლის 28 ნოემბერს ოპოზიციონერი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში კუჭის წყლულის დიაგნოზით მოხვდა. 

ოფიციალური ინფორმაციით კოლესნიკოვა 2023 წლის 10 მარტიდან გომელის ქალთა კოლონიაში იმყოფება.

კომენტარები