არჩევნები 2024

OSCE/ODIHR: პარტიების უმრავლესობა განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და მასალას იყენებს

osce/odihr

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) წინასაარჩევნო ვითარების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებს მოიცავს. 

ანგარიშში, მათ შორის, ხაზგასმულია, რომ წინასაარჩევნო პროცესი პოლარიზებულ გარემოში მიმდინარეობს. OSCE/ODIHR წერს, რომ, მართალია, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალურ მასალას იყენებს.

"პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა თავისი პლატფორმების მეშვეობით სოციოეონომიკურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მათი წინასაარჩევნო გზავნილები უმეტესწილად ზოგად გეოპოლიტიკურ გარემოს უკავშირდება და მეტისმეტად განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალურ მასალას იყენებს. სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები. ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმად მიიჩნევს და შიშობს, რომ მთავრობის პოლიტიკა შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რაც კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია". - წერია OSCE/ODIHR-ის შუალედურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა სავარაუდოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერებისა და სახელისუფლებო უწყებების მხრიდან მათი წინასაარჩევნო კამპანიებისა და ამომრჩეველთა წინააღმდეგ მიმართული დაშინების ტაქტიკაზე შეშფოთება გამოთქვეს.

ამასთან,  OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სხვადასხვა მხარეები მათ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებზე საუბრობდნენ, რაც "როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების ანგარიშებშიც აისახა". 

"ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა და სახელმწიფო უწყებების მიერ მართული დაშინების ტაქტიკის გამო, რომელიც მათი წინასაარჩევნო კამპანიებისა და, ასევე, ამომრჩეველთა წინააღმდეგ არის მიმართული. რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ, რაც როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პარტიების ანგარიშებშიც აისახა". - წერია შუალედურ ანგარიშში.

ორგანიზაცია წერს, რომ "ანგარიშებში ასევე აისახა საოფისე სივრცეების, საარჩევნო კამპანიის გასამართი და საარჩევნო მასალის გაკვრისთვის განკუთვნილი ადგილების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები". 

OSCE/ODIHR აღნიშნავს, რომ პოლარიზაცია მედიაგარემოშიც ვლინდება. ორგანიზაციის თქმით, კომერციული სატელევიზიო არხები კვლავ ინფორმაციის გავრცელების უმთავრეს წყაროდ რჩებიან, საზოგადოებრივი მაუწყებელს კი შედარებით მცირე მაყურებელი ჰყავს.

ანგარიშში ასევე წერია, რომ დამოუკიდებელი გაშუქების მთავარი წყარო მცირე ინტერნეტმაუწყებლობებია, რომელთა სამუშაო ძირითადად საერთაშორისო გრანტებზე არის დამოკიდებული - როგორც ორგანიზაცია წერს, მათთან საუბრისას ბევრმა პროფესიონალმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსული კანონი დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას ძირს გამოუთხრის. 

"ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართულ მხარეები აღნიშნავდნენ, რომ შედარებით მცირე ზომის, უპირატესად ინტერნეტმაუწყებლები, დამოუკიდებელი გაშუქების მთავარი წყარო არიან და ძირითადად საერთაშორისო გრანტებზე არიან დამოკიდებული. მედიის საკითხებზე მომუშავე ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალი და მედიასთან ასოცირებული პირები შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ „უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულმა კანონმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას". - წერია OSCE/ODIHR-ის შუალედურ ანგარიშში.

მანამდე, ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისია გახსნა. სადამკვირვებლო მისია თბილისში მომუშავე 12 საერთაშორისო ექსპერტისგან და 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. მისიამ მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 19 სექტემბრიდან დაიწყო. 

კომენტარები