იოანე ზოსიმეს ხელნაწერების შემცველი უძველესი ტექსტი Codex Sinaiticus Rescriptus, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა Christie’s აუქციონზე იყიდა, საქართველოშია.
ეროვნული მუზეუმის დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის თქმით, ხვალიდან პალიმფსესტის ნახვა დამთვალიერებელს ეროვნულ მუზეუმში შეეძლება.
"ეროვნული მუზეუმისა და მუზეუმის თანამშრომლების სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მორიგი მამულიშვილური საქმისთვის. [...] დღეს ჩვენ დავასრულებთ ხელნაწერის ინსტალაციას და ხვალიდან რუსთაველის 3-ში, ეროვნულ მუზეუმში შესაძლებლობა ექნება დამთვალიერებელს ნახოს ეს უნიკალური ქმნილება" - ამბობს ახალბედაშვილი.
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი მადლობას უხდის "იმ ადამიანს", რომელმაც ეს დიდი სიწმინდე შეუნარჩუნა ქვეყანას.
"დიდი სიხარულია ეკლესიისთვის, ყველა ადამიანისთვის, რომ ამხელა სიწმინდე საქართველოში ბრუნდება. დღევანდელ დღეს, 1989 წელს, ჩამობრძანდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სიონშია დავანებული. დღევანდელ დღეს ემთხვევა, ეს დღეც განსაკუთრებულია. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანს, ვინც ეს დიდი სიწმინდე შეუნარჩუნა ქვეყანას" - თქვა არქიმანდრიტმა.
Christie’s აუქციონზე გამოტანილი უძველესი ტექსტი Codex Sinaiticus Rescriptus-ი, რომელიც იოანე ზოსიმეს ხელნაწერებს შეიცავს, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
აუქციონის ვებსაიტის ინფორმაციით, ტექსტი 1 250 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.





