არჩევნები 2024

ოცნება თსუ-ს სტუდენტებს პირდება, რომ რუსთავის მიმდებარედ კამპუსს აუშენებს

ქართული ოცნება თსუ-ს სტუდენტებს პირდება, რომ რუსთავის მიმდებარედ "სრულიად ახალ კამპუსს" აუშენებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თქვა.

"გვაქვს ამოცანა, რუსთავის მიმდებარედ, თბილისსა და რუსთავს შორის განვავითაროთ სრულიად ახალი კამპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ის იქნება უზრუნველყოფილი მთლიანად თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მათ შორის სასწავლო ინფრასტრუქტურით, საერთო საცხოვრებლებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ თვითრეალიზების საშუალება" - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, "პრინციპულად მნიშვნელოვანია სწავლების შინაარსის გაუმჯობესება".

"დღეს გვაქვს უამრავი პრობლემა ჩვენს უნივერსიტეტებში, არ არის დამაკმაყოფილებელი სწავლების ხარისხი, სახელმძღვანელოების ხარისხი. ადამიანური რესურსების კუთხით გვჭირდება სერიოზული განვითარება. ბუნებრივია, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საუნივერსიტეტო რეფორმა განვითარდეს ყველა მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, რომ საქართველოში სტუდენტმა, მითუმეტეს 2028 წლისთვის, მიიღოს ზუსტად იგივე ხარისხის განათლება, ყოველ შემთხვევაში, სპეციალობების უმრავლესობაში, რა განათლებასაც ისინი იღებენ, მაგალითად, ევროპულ უნივერსიტეტებში. მთავარია სისტემური მიდგომა, საფუძვლიანი რეფორმის განხორციელება და ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი შემდეგი ოთხი წლის ჭრილში" - თქვა კობახიძემ.

პრემიერმინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება გეგმავს, "მნიშვნელოვნად გაფართოვდეს" მისი ინფრასტრუქტურა და 20 000-ს გადაცდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა.

"ეს უნივერსიტეტი უნდა გახდეს თანაბარმნიშვნელოვანი კერა საუნივერსიტეტი განათლების მისაღებად. ეს ქუთაისის განვითარებასაც ძალიან დიდწილად წაადგება, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას... გვაქვს უკვე დაპირება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მისი მხრიდან სერიოზული ინვესტიცია იქნება ჩადებული ამ პროექტის განხორციელებისთვის" - ამბობს კობახიძე.

კომენტარები