"გაურკვეველი სიტუაციაა და ტენდენციაა ისეთი, რომ ხმის მიცემა შეიზღუდოს". - უყვება ტაბულას ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი და საინიციატივო ჯგუფ GEO Vote USA-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვასილ ცისკარიშვილი. ცისკარიშვილი სახელმწიფო სტრუქტურებიდან კვლავ ელის პასუხს და ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.
ქართველმა ემიგრანტებმა საინიციატივო ჯგუფის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში მცხოვრები მოქალაქეების დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შეაფასეს, რომ ადამიანებს თითქმის არ ჰქონდათ ინფორმაცია ხმის მიცემისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურების შესახებ.
"გადავხედეთ სტატისტიკას, 2020 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარტო 12 ათასმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და ძალიან დაბალი იყო რიცხვი ამერიკაში". - ამბობს აშშ-ში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, შორენა მეგრელიშვილი.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა და ხელმისაწვდომობა არ არის და ქართველი ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობას ხელს ხელოვნური ბარიერებით უშლიან - იქნება ეს საარჩევნო უბნების არასაკმარის რაოდენობით გახსნა, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაციის პრობლემა თუ სხვა.
როცა ხმის მიცემა გინდა, მაგრამ არ შეგიძლია
ამერიკაში მცხოვრები ქართველები და საინიციატივო ჯგუფის წევრები რამდენიმე ძირითად პრობლემას გამოყოფენ. პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მასშტაბით არასაკმარისი საარჩევნო უბნების გახსნაა.
საქართველოს აშშ-ში აქვს 1 საელჩო ვაშინგტონში, ხოლო 2 საკონსულო ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში. ამჟამინდელი ინფორმაციით, იქ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ 5 უბანი გაიხსნება, მათ შორის 3 ქალაქ ნიუ-იორკში, რაც ნიშნავს, რომ ყველა ამომრჩეველს, რომელიც ამ ქალაქებში არ ცხოვრობს, აშშ-ს უკიდურეს აღმოსავლეთ ან დასავლეთ სანაპიროებზე მოუწევს გამგზავრება.
"ხალხი ელოდებოდა, რომ თუ მათ ქალაქებში არა, 2-3 საათის მანძილზე მაინც გაეხსნათ [უბანი], რომ ხმა მიეცათ, თუმცა ისევ იგივე ხდება, რაც წინა წლებში. გახსნეს ორი დამატებითი უბანი, ისიც ნიუ-იორკში და ისიც იმავე შენობაში. სასაცილოა, რადგან მხოლოდ ნიუ-იორკში იმხელაა, აქ გავაკეთებდი 2 სხვადასხვა უბანს სხვადასხვა ადგილას. ჩიკაგოდან მოუწევთ სან-ფრანცისკოში გაფრენა, ატლანტადან მოუწევთ ვაშინგტონში გადმოფრენა და ასე შემდეგ. ანუ ადამიანებმა უნდა დახარჯონ უამრავი დრო, უამრავი ფული". - ამბობს შორენა მეგრელიშვილი.
საინიციატივო ჯგუფის წევრების ცნობით, მათი მოხალისეები მთელი ამერიკის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ხელით აგროვებდნენ კანონით საჭირო 50 ხელმოწერას და ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნიდნენ, რათა უბნები გაეხსნათ. მათი ცნობით, მინიმუმ 10 ქალაქში, მათ შორის ატლანტიდან, ტეხასიდან, ვაიომინგიდან და სხვა შტატებიდან, შესაბამისი ხელმოწერები შეაგროვეს, თუმცა ცესკომ უბნების გახსნაზე უარი თქვა.
ქართველი ემიგრანტები ასევე ხაზს უსვამენ სამთავრობო სტრუქტურებთან კომუნიკაციის პრობლემას, ისევე როგორც ინფორმაციის ნაკლებობას, თუ რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ დაუბრკოლებლად ხმის მისაცემად.
"არავითარი კამპანია, ქარდი, ვიდეო, არავითარი მოწოდება, რომ გააქტიურდით. თითქოს ეს იყო მაჩვენებელი, რომ თუ არ დარეგისტრირდებიან, ეს უკეთესია. ნება არ ჩანდა. სხვა შემთხვევებში ძალიან კარგად ვხედავთ - როცა რაღაც უნდა მთავრობას, როცა უნდათ რაიმე მესიჯი მიიტანონ ადამიანებამდე, ამას ძალიან კარგად ახერხებენ. აქედან დავინახეთ ჩვენი როლი, რომ რაღაც ინფორმაციული ვაკუუმი არსებობს". - თქვა მეგრელიშვილმა.
კიდევ ერთი მთავარი პრობლემა საკონსულო აღრიცხვასა და ერთიან საარჩევნო სიაში მოხვედრაა. საინიციატივო ჯგუფის ცნობით, მათ მრავალი შემთხვევა აღრიცხეს, როცა ადამიანები რეგისტრირდებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ ქრებოდნენ, ისე, რომ მიზეზი შეიძლება მითითებული არც კი ყოფილიყო, ან დაედანაშაულებინათ, რომ 6 თვე საქართველოში იმყოფებოდნენ ისე, რომ ამ ადამიანებს ამერიკა არც კი დაუტოვებიათ.
"რაღაც გაუგონარი ხდება - ან სისტემური პრობლემაა, ან ვიღაც ამ ინფორმაციას გამიზნულად ცვლის". - ამბობენ GEO Vote USA-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ემიგრანტები ასევე საუბრობენ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაში და მაგალითად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შვილის შემთხვევა მოჰყავთ.
“როცა ამბავი ატყდა პრეზიდენტის შვილზე, ცესკო პირდაპირ წერდა, თუ საკონსულო აღრიცხვაზე დგას საზღვარგარეთო და ერთიან სიაში არ არისო, ეს არ არის პრობლემაო. ხმას უპრობლემოდ მისცემსო. ჩვენს მოხალისეს ეუბნებიან, რომ ხმას ვერ მისცემთ, თუ ერთიან სიაში არ ხართო. ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იძლევიან”. - გვიყვება მეგრელიშვილი.
კომუნიკაციის მცდელობა პარტიებთან
"როგორც ემიგრანტი ვიტყვი, თუ არ გაქვს ლოიალურობა რომელიმე პარტიის მიმართ, მათთან კონტაქტიც არ გექნება". - ამბობს ვასილ ცისკარიშვილი ტაბულასთან საუბრისას.
ემიგრანტების თქმით, გარდა იმისა, რომ მხარდაჭერას ვერ იღებენ ხელისუფლებისგან და საზღვარგარეთ არსებული ქვეყნის წარმომადგენლობებისგან, მნიშვნელოვანი პრობლემაა ოპოზიციასთან კავშირი და მათი დამოკიდებულებაც.
ცისკარიშვილი გვიყვება, რომ აგვისტოში აშშ-ში ქართულ ასოციაციასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს გამოკითხვა ემიგრანტების პრობლემების შესახებ, შემდეგ შედეგები ხელისუფლებასა და ყველა ოპოზიციურ პარტიას გაუგზავნეს, თუმცა მათ მიერ დასახელებულ ვადამდე არცერთი პარტიისგან პასუხი არ მიუღიათ.
"გვინდოდა ასე გვეცადა, რადგან თუ ადამიანი ხარ და ვიღაც რაღაცად გაგდებს, უნდა გქონდეს ეს კავშირი და მათ [პარტიებს] უნდა შეეძლოთ, ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არ არის ვიღაცასთან დაკავშირებული, გასცენ პასუხი. მათ შორის, ეს ტესტიც იყო. პასუხის არმიღება იყო ძალიან დამაფიქრებელი". - ამბობს ცისკარიშვილი.
გამოკითხვამ, რომელშიც ქართველებმა მონაწილეობა აშშ-ს 20 შტატიდან მიიღეს, აჩვენა, რომ 96%-სთვის მნიშვნელოვანი ან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობაა და ისინი საჭიროდ თვლიან სხვადასხვა გზით მხარდაჭერის მიღებას. იქნება ეს ელექტრონული ან ფოსტით ხმის მიცემა, არჩევნების რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელება, მეტი საარჩევნო უბანი და სხვა.
პრობლემებს შორის ასევე გამოიკვეთა სოციალურ-ელექტრონულ და ადმინისტრაციულ სერვისებზე წვდომა, საკონსულოების მუშაობით უკმაყოფილება და დიასპორის სამშობლოსთან დამაკავშირებელი პლატფორმის არარსებობა. თუმცა, ქართველებმა ღია წყაროებით დაკავშირების მცდელობისას პასუხები არჩევნებამდე 1 თვით ადრეც კი ვერ მიიღეს და ორმა ოპოზიციურმა პარტიამ პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც მათ “ნაცნობობით დაუკავშირდნენ”.
"როცა არჩევნები მოდის, მაშინ ვახსენდებით ოპოზიციასაც". - ამბობს შორენა მეგრელიშვილი.
"შეიძლება, ეს პოლიტიკური აქტორები არ არიან შეჩვეული იმ მიდგომებს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. შესაძლოა, ისინი მხოლოდ უყურებენ იმას, რაც გარშემო ხდება, რასაც გარშემო აკეთებენ და მათთვის სამოქალაქო საზოგადოების ასე ჩართულობა შეიძლება ახალი ხილი იყოს. ასე ვფიქრობ, როგორც შორიდან შემყურე ემიგრანტი. [...] ყველაზე ცუდი ვარიანტი - შესაძლოა, არ მოსწონთ პასუხების გაცემა, ვადებით დაპირებების გაცემა?". - თქვა ვასილ ცისკარიშვილმა.
აშშ-ში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მათი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია ახალი არ არის და მხოლოდ სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტების გამო საკონსულოსა და საელჩოს ისინი ელექტრონული ფოსტის საინფორმაციო სიიდანაც კი ამოუღიათ.
ხმის მიცემის შიში
ამჟამად აშშ-ში საკონსულო აღრიცხვაზე 7 000-მდე საქართველოს მოქალაქეა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ეს რიცხვი ნაწილობრივ კიდევ შეიცვლება, ეს მაინც საკმაოდ მცირე აქტივობას ნიშნავს. ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის მქონე 30-35 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, თუმცა არ არსებობს ზუსტი მონაცემი იქ ლეგალური სტატუსი არმქონე პირების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, თუ დადგება საკონსულო აღრიცხვაზე ან გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, მათ შორის, კანონიერად (ლეგალურად) იმყოფება იგი საზღვარგარეთ თუ უკანონოდ (არალეგალურად), ამ უკანასკნელი სტატუსის მქონე მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას თითქმის არ იღებენ.
ტაბულა ასევე ესაუბრა აშშ-ში, ნიუ-იორკში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესაც, რომელიც ამბობს, რომ ხმის მიცემას არ აპირებს.
"აშკარაა, რომ მათ [ხელისუფლებას] ისიც არ უნდათ, ხმა აქ ლეგალურად მყოფმა მოქალაქეებმა მისცენ, ამიტომ მეც და ბევრი სხვაც ფიქრობს, რომ ჩვენთვის არჩევნებზე მისვლა, ჩვენი საბუთების და ინფორმაციის მიცემა უსაფრთხო არ იქნება". - ამბობს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მისი სახელის ანონიმურად დატოვება ისურვა.
GEO Vote USA-ს დამფუძნებლები გვიყვებიან, რომ მათ ამგვარი კითხვებით ბევრი არალეგალი მიმართავს, თუმცა ისინი გადაჭრით პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ, რადგან ყველა შემთხვევა განსხვავებულია და მოქალაქემ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუმცა, ძირითადად ისინი ხელმძღვანელობენ კანონიდან გამომდინარე პოზიციით, რომ არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი სტატუსის მქონე მოქალაქისთვის უსაფრთხო უნდა იყოს.
"ყველაზე უსამართლო" – დევნილი ემიგრანტების პრობლემა
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო თარიღის მოახლოებასთან ერთად გასულ კვირებში გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა, რომ აფხაზეთიდან იძულებით დევნილ მოქალაქეებს, რომლებიც ემიგრაციაში ცხოვრობენ, ცესკო აფხაზეთში მათი მისამართის რეგისტრაცია გაუქმებას სთხოვდა. კომისია განმარტავდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დევნილები სამინისტროს შესაბამის სიაში 2014 წელს უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.
მოქალაქეების პროტესტისა და მოწოდებების შემდეგ ცესკომ 4 ოქტომბერს გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
"საბოლოოდ გვთხოვენ, დავტოვოთ და გამოვემშვიდობოთ ჩვენ მიწას, აფხაზეთს, საიდანაც გამოგვყარეს რუსებმა. ქართული ხელისუფლება მათ უწყობს ხელს და ამთავრებინებს საქმეს! 24 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა არჩევნები, რომ ხმა არ მიმეცა". - წერდა სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები თამარ დემურია, მანამ, სანამ ცესკო დადგენილებით გადაწყვეტილებას შეცვლიდა.
პრობლემაზე ასევე საუბრობდნენ აშშ-ში მცხოვრებ ქართველებსაც და ისინი ამგვარ დამოკიდებულებაში “გრძელვადიან გათვლას” და ხმის მიცემისგან თავის შეკავების კიდევ ერთ მიზეზს ხედავდნენ.
"ჩემთვის ყველაზე უსამართლო იყო, როგორ მოექცნენ ლტოლვილის სტატუსის მქონე ემიგრანტებს. თითქოს იძულებით გადაადგილებული პირები ვიყოთ ვინმეზე რამეთი ნაკლები. [...] რატომ ხდება ამ ხალხის აქედან ამოწერა, თუ არ არის ამაში გრძელვადიანი გათვლა - ამოეწერონ ადამიანები და შემდეგ თქვან, რომ არც ცესკოს სიაში ფიქსირდები, არც აფხაზეთის ტერიტორიაზე. გამოდის რომ ქართველები აფხაზეთიდან ამოეწერნენ კი არა, დაივიწყეს იქაურობა, არც უნდათ მათი სახლ-კარი და არც არავინ ცხოვრობდა იმ მისამართზე. ბევრ ემიგრანტს, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს, ასეთი მოლოდინი აქვს, რომ სამომავლოდ შეიძლება განვითარდეს ეს მიდგომა ამ საკითხის მიმართ. ეს შემბოჭავი მიზეზია [ხმის არმიცემისთვის], ისინი ცდილობენ, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგან". - ამბობდა ვასილ ცისკარიშვილი ცესკოს დადგენილების ცვლილებამდე.
ემიგრანტების როლი პოლიტიკაში
"დიასპორის როლი არც მარტო თანხის გაგზავნით, ან მარტო არჩევნებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. ზუსტად ისეთ პოლიტიკას ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ იყენებდეს დიასპორის რეალურ ძალას, როგორიცაა ქვეყნის პოპულარიზაცია". - ამბობს შორენა მეგრელიშვილი და ამატებს, რომ მისი აზრით, ხელისუფლებისგან არ არსებობს ნება, რომ ემიგრანტები მეტად იყვნენ ჩართული ქართულ პოლიტიკაში.
შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყოს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნება საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში დამარცხდა და დიასპორის უმრავლესობამ ხმა ოპოზიციას მისცა.
"ჩვენ გვინდა განვავითაროთ საზოგადოება, რომელიც გავლენას იქონიებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. როგორც აქ ვართ მიჩვეული, რომ კონგრესმენს გაუგზავნი შენს შეკითხვას, პრეზიდენტის ოფისთანაც მქონია მე ასე მიწერ-მოწერა, უნდა შევძლოთ ჩვენც, რომ პარტიებს ვეკონტაქტოთ და გვქონდეს უკუკავშირი". - ამბობს ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, ისურვებდა, რომ არსებობდეს პლატფორმა, მაგალითად საკონსულოს საშუალებით, რომლის გავლითაც უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალები ქვეყნის დახმარებას შეძლებდნენ, თუმცა ნაცვლად ამისა, ახლა იმისთვის უწევთ ბრძოლა, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, მოქალაქეებიც ერთმანეთს აქტიურად ეხმარებიან.
"ერთი მოქალაქე მწერდა, რომ სურვილი გვაქვს, ბილეთები ვუყიდოთ მათ, ვისაც ფინანსური საშუალება არ აქვთ და სურთ ხმის მისაცემად წასვლა სხვა ქალაქში”. - ამბობს აშშ-ში საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამატებს, რომ უკვე აქტიურად მიმდინარეობს კამპანია სხვადასხვა ქალაქში არჩევნებისთვის ჩასული ქართველებისთვის ღამის გასათევის მოსაძებნად და ტრანსპორტირების გასამარტივებლად.





