დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პარტია ჩვენ დატოვეს, ინფორმაციას ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პარტიის დატოვების მიზეზად ქაცარავა სტრატეგიულ ხედვებსა და სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმებზე ერთმანეთთან "ვერ და არ დამთხვევას" ასახელებს.
"მოგახსენებთ, 2 თვის წინ ოპოზიციურ პარტია თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა - ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშია, საზოგადოებრივი მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის და საზოგადოებრივ მოძრაობა რუსთაველის გზას შორის შედგა გაერთიანება, რათა არსებული კოლაბორაციონისტული მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში შეგვეტანა ჩვენი წვლილი და საზოგადოების გადაუწყვეტელი ნაწილისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატივა, რომელიც საერთო ბრძოლაში მოახერხებდა ახალი ამომრჩევლის მოყვანას არჩევნებზე.
ჩვენ გავერთიანდით და საარჩევნო კამპანიაში წარვდექით პოლიტიკური პარტიით ჩვენ, #23.
გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია, სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენ სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ. ჩვენ ბევრნი ვართ, უმრავლესობა ვართ, ვინც ვებრძვით ქოცურ რეჟიმს! მოქალაქეები, ვისაც გვინდა ქვეყნის სწორი განვითარება და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების გამარჯვება ამ ქვეყანაში - ყველას ვუსურვებ ამ არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას!" - წერს ქაცარავა.
ანტი-საოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია, ჩვენ 2024 წლის აგვისტოში დააარსა.