დაიცავი 1 მოქალაქის 1 არჩევანი - მთავრობის კანცელარიასთან ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
პროტესტის მონაწილეები საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მიზნით, უბნების რაოდენობის გაზრდას და იმ ქალაქებში გახსნას ითხოვენ, სადაც ემიგრანტების რაოდენობა დიდია. აქციამ მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლა.
აქციაზე მისული იყო საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, რომლის თქმით, მისი შვილები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ იძებნებიან.
"არჩევნებამდე რჩება სამი კვირა, რომ ყველა იყოს ჩართული ამ მოვლენებში. თქვენ მკითხავდით, რატომ არის საჭირო კიდევ, რომ ვთხოვოთ უბნების გახსნა. იმიტომ, რომ წარმოადგენს დიდ სიძნელეს, რომელიც აუცილებლად გადავლახავთ, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე ძალიან რთულია ყველა დიდ ქვეყანაში. [...]
შევამოწმე გუშინ, მაგალითად, ჩემი შვილები რეგისტრში არიან და ცესკოს სიებში - არა". - თქვა ზურაბიშვილმა.
პროტესტის მნიშვნელობაზე ისაუბრა აქციის ორგანიზატორმა, ჯგუფ დაიცავის თანადამფუძნებელმა, კოკა ჯახუტაშვილმაც და ახსნა, რატომ გადაწყვიტეს მთავრობის კანცელარიასთან შეკრება და შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადანაცვლება.
"ყველა კითხვაზე ცესკოსთან, გვამისამართებენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. დავიწყეთ იქ, სადაც არის ყველაზე დიდი პასუხისმგებელი ორგანო და პირები, რომლებიც წერენ ამ ბრძანებებსა და განკარგულებებს. ჯერ მოვაკითხეთ მათ და ახლა მეორე პასუხისმგებელ პირებს მივაკითხავთ, რათა დროულად მოახერხონ და გადასცენ ინფორმაცია ცესკოს, თუ რამდენი ადამიანია რეალურად რეგისტრირებული და რამდენი ადამიანია საზღვარგარეთ. ეს არის აუცილებელი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დროულ რეჟიმში მოახდინოს. პრაქტიკულად, ვადა უკვე იწურება და მათ [ემიგრანტებს] აღარ აქვთ შესაძლებლობა, თუმცა, ჩვენ აუცილებლად უნდა ვცადოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენს პროტესტს აქვს არსებითი მნიშვნელობა". - თქვა ჯახუტაშვილმა მთავარ არხთან.





