არჩევნები 2024

ბრეგაძე ზურაბიშვილზე: არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების დაწყების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ "არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი".

"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:

1. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი;

2. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია.

შესაბამისად თუ ოფიციალურად პრემიერის კანდიდატურის არც შერჩევაში და არც წარდგენაში შეუძლია მონაწილეობა და ამ პროცესში დეკლარირებულად არაოფიციალურად მონაწილეობს, გამოდის, რომ არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი.

P.s დემოკრატიული განვითარების დაპირება ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური მეთოდებით რამდენად ახლოა ევროპულ ღირებულებებთან თავად განსაჯეთ". - წერს ბრეგაძე Facebook-ზე.

ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ზურაბიშვილმა თქვა, რომ ორშაბათიდან, 7 სექტემბრიდან, პრემიერობის კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების კანდიდატების შესარჩევად ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებთან ორბელიანების სასახლეში კონსულტაციებს დაიწყებს.

კომენტარები