საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
"კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გადაწყვეტილება ცესკომ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.
დადგენილების ინიციატორმა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან და ცესკოს სხვა პარტიულმა წევრებმა დაადასტურეს, რომ კანონის თანხმად ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ ინიცირებულ დადგენილების პროექტში იყო მთელი რიგი ტექნიკური უზუსტობები, ასევე საკანონმდებლო ვადებთან დაკავშირებული შეუსაბამობები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსესუსი შესაძლებელი გადახადა კომისიის წევრის ქართული ოცნებიდან ინიცირებულმა დაზუსტებებმა და ცვლილებებმა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა საკანონმდებლო წინააღმდეგობები და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებიც ამ დადგენილების საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე" - აცხადებს ცესკო.





