ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) არჩევნებისთვის შექმნილი სპეციალური "ტერიტორიული ჯგუფების" დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვახტანგ გომელაურის მიერ 30 სექტემბერს ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების "თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების" უზრუნველყოფას ეხება.
ბრძანების მიხედვით, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან "სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე“. თითოეულ ჯგუფში შევა მათ შორის "ხარებას" მიერ გამოყოფილი წარმომადგენელიც.
სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები იქმნება:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
- ქვემო ქართლის
- შიდა ქართლის
- მცხეთა-მთიანეთის
- კახეთის
- სამცხე-ჯავახეთის
- იმერეთის
- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
- გურიის
- სამეგრელო-ზემო სვანეთის
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე
ტერიტორიული ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:
- სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დირექტორი;
- სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი;
- სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი;
- სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის (ზვიად ხარაზიშვილის) მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი;
- სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი (საჭიროების შემთხვევაში);
- სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი.
გდდ-ის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 16 სექტემბერს ფინანსური სანქციები დაუწესა.





