გაერთიანებული სამეფო

ბრიტანეთი მრავალწლიანი დავის შემდეგ ჩაგოსის არქიპელაგზე სუვერენიტეტს მავრიკს გადასცემს

Alamy

გაერთიანებულმა სამეფომ 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულების კლასტერზე სუვერენიტეტს თმობს.

ისტორიული შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, გაერთიანებული სამეფო ჩაგოსის კუნძულებს მავრიკს გადასცემს.

არქიპელაგი დიეგო გარსიის კუნძულსაც მოიცავს, რომელზეც აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს საერთო სამხედრო ბაზაა განთავსებული. კუნძულს აშშ საკუთარი სამხედრო-საზღვაო ხომალდებისთვის და ბომბდამშენი თვითმფრინავებისთვის იყენებს.

შეთანხმების ფარგლებში, აშშ-გაერთიანებული სამეფოს საერთო ბაზა დიეგო გარსიაზე, სულ მცირე, მომდევნო 99 წლის განმავლობაში დარჩება.

ამასთანავე, გაერთიანებული სამეფო მავრიკს ფინანსური დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც წლიურ გადასახადსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს მოიცავს. თავის მხრივ, მავრიკი ჩაგოსის კუნძულების დასახლების პროგრამის დაწყებას შეძლებს, დიეგო გარსიას კუნძულის გამოკლებით.

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამ "ისტორიულ შეთანხმებას" მიესალმა და განაცხადა, რომ ეს "აშკარად აჩვენებს, რომ დიპლომატიითა და პარტნიორობით, ქვეყნებს შეუძლიათ, მრავალწლიანი ისტორიული გამოწვევები გადალახონ და მშვიდობიან და საერთო სარგებლის მომტან შედეგს მიაღწიონ".

კომენტარები