NATO-უკრაინა

სტოლტენბერგი: პუტინის მუქარამ NATO-ს მხრიდან უკრაინისთვის დახმარება არ უნდა შეაფერხოს

ვოლოდიმირ ზელენსკი და იენს სტოლტენბერგი, 2021 წელი
John Thys/AFP/Getty Images

NATO-ს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა 30 სექტემბერს Reuters-თან ინტერვიუში რუსეთის ახალ ბირთვულ რიტორიკასთან დაკავშირებით ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ვლადიმი პუტინის "ბირთვულმა უგუნურმა რიტორიკამ" NATO-ს წევრი ქვეყნების უკრაინისთვის დახმარების გაწევის პროცესი არ უნდა შეაფერხოს.

სტოლტენბერგი პუტინის მხრიდან გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით "ერთობლივ თავდასხმად" უნდა განიხილონ.

25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მისი მთავრობა განიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბირთვული არსენალის გამოყენების წესებისა და წინაპირობების ცვლილებას.

"ჩვენ უკვე დავინახეთ რუსეთის მხრიდან უგუნური ბირთვული რიტორიკის პატერნი, პუტინის მორიგი განცხადება ამ პატერნში ჯდება.

ყოველთვის, როდესაც უკრაინას ახალი ტიპის სამხედრო დახმარებას, საბრძოლო ტანკებს, შორ მანძილის გასროლის რაკეტებს, F-16 ტიპის გამანადგურებლებს ვუგზავნიდით, რუსეთი ჩვენს შეჩერებას ცდილობდა. თუმცა ვერც ერთხელ ვერ მიაღწია წარმატებას. ახლაც, უკანასკნელმა განცხადებამაც არ უნდა შეაფერხოს NATO-ს ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის მხარდაჭერა". - თქვა სტოლტენბერგმა.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, ნატოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე პუტინის უკრაინაში გამარჯვებაა.

"მე არ მგონია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის აზრის ცვლილება შეგვიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შევცვალოთ მისი მოლოდინები რუსეთისთვის ომის წარმოების დანახარჯების გაზრდით. იმდენად, რომ მისთვის უფრო მომგებიანი გახდეს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის მიღება". - თქვა NATO-ს ხელმძღვანელმა.

კომენტარები