The Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თანამდებობის დატოვებამდე შესაძლოა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის სტატუსის ცვლილებას დათანხმდეს.
ჯო ბაიდენი 12 ოქტომბერს გერმანიაში უკრაინისა და მისი მოკავშირეების შეხვედრას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ზელენსკისა და ბაიდენის შეერთებულ შტატებში შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
The Financial Times-ის წყარომ, რომელიც ფლობს ზელენსკისა და ბაიდენს შორის შემდგარ მოლაპარაკებებზე გაჟღერებულ საკითხებზე ინფორმაციას, თქვა, რომ არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ თანამდებობის დატოვებამდე ბაიდენი შესაძლოა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სტატუსის ამაღლებას დათანხმდეს.
The Financial Times-ს არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება მოჰყვეს ამ "სტატუსის ამაღლებას".
შაბათ-კვირას აშშ-ან გამგზავრებისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ოქტომბერი "გადაწყვეტილებების თვე" იქნება. უკრაინის ლიდერი რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების ნებართვას კიდევ ერთხელ ითხოვს.
"ეს არის რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვა და გარკვეული ზეწოლის მოლაპარაკებების დასაწყებად. თუ ჩვენ ამ ომის დამთავრებაზე ვფიქრობთ, ეს რეალური შანსია". - ამბობს ზელენსკი.





