რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით "ერთობლივ თავდასხმად" უნდა განიხილონ.
25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მისი მთავრობა განიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბირთვული არსენალის გამოყენების წესებისა და წინაპირობების ცვლილებას.
რუსეთის უშიშროების საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა შემოთავაზებული რადიკალური გაფართოების შესახებ ისაუბრა.
ახალი ბირთვული დოქტრინა "ხაზგასმით განსაზღვრავს პირობებს თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს" თქვა პუტინმა და დაამატა, რომ მსგავსი სცენარი მოსკოვის წინააღმდეგ ჩვეულებრივი სარაკეტო დარტყმებსაც გულისხმობს.
მისი თქმით, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობას იმ შემთხვევაშიც განიხილავს, თუ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტების, თვითმფრინავების და დრონების მასიური გაშვება დაფიქსირდება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის "კრიტიკული საფრთხეს" წარმოადგენს.
"განიხილება, რომ რუსეთის მიმართ ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოსგან, მაგრამ ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით განხორციელებული აგრესია ჩაითვალოს მათ ერთობლივ თავდასხმად რუსეთის ფედერაციაზე" - თქვა რუსეთის ფედერეციის ლიდერმა.
ქვეყნის ბირთვული იარაღი "ჩვენი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია" - თქვა კრემლის ლიდერმა.
პუტინის თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს ასევე გამოიყენებს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაშიც.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბირთვული ტრიადა რჩება რუსეთისა და მისი მოქალაქეების ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტად და მსოფლიოში სტრატეგიული პარიტეტისა და ძალთა ბალანსის შენარჩუნების ინსტრუმენტად.





