დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი საკუთარ მემუარებში წერს, რომ დედოფალი ელისაბეთ II-ს სიცოცხლის ბოლო წლებში ძვლის კიბო ჰქონდა.
მემუარებში, სახელად Unleashed, რომელიც ოქტომბერში გამოვა, ყოფილი პრემიერმინისტრი წერს, რომ ამის შესახებ 2022 წლის სექტემბერში გადადგომამდე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იცოდა. ჯონსონმა თანამდებობა 2022 წლის 6 სექტემბერს, ელისაბედ II-ის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე დატოვა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი რანგის ბრიტანელი პოლიტიკოსი გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გარდაცვალების მიზეზის შესახებ საჯაროდ საუბრობს.
ელისაბედ II-ის გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სიბერეა მოხსენიებული.
როგორც გამოცემა Politico წერს, ბრიტანულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ძალზედ უჩვეულო მოვლენაა. დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო, ხოლო პრემიერმინისტრებსა და მონარქს შორის შეხვედრებზე ინფორმაცია - კონფიდენციალური.
მემუარებში ჯონსონი ელისაბედ II-სთან ბოლო შეხვედრასაც იხსენებს. როგორც იგი წერს, "[დედოფალი] ფერმკრთალი და უფრო მოხრილი ჩანდა და მას ხელებსა და მაჯებზე მუქი სისხლჩაქცევები, სავარაუდოდ, წვეთოვანი გადასხმების ან ინიექციების გამო ჰქონდა".
"[მონარქის განწყობაზე] საერთოდ არ ახდენდა გავლენას მისი ავადმყოფობა და დროდადრო, საუბრისას მშვენიერი თეთრი ღიმილით გაუბრწყინდებოდა კიდეც სახე. [...] მთელი ზაფხულის განმავლობაში [დედოფალმა იცოდა], რომ ის წავიდოდა, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა, მოეცადა და თავისი საბოლოო მოვალეობა შეესრულებინა", - წერს ჯონსონი.
ბორის ჯონსონის მემუარები, სახელად Unleashed, ოფიციალურად 10 ოქტომბერს გამოვა.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 2022 წლის 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.





