ელისაბედ II

სამეფო კორგები – ელისაბედ II-ს საყვარელი შინაური ცხოველების ისტორია

India Times

ელისაბედ II ძაღლების დიდი მოყვარული იყო. ტახტზე ასვლიდან გარდაცვალებამდე მონარქს 30-ზე მეტი ძაღლი ყავდა, მათი უმრავლესობა კორგის ჯიშის იყო. დღესაც ბუკინგემის სასახლეში ელისაბედის 5 ძაღლი ცხოვრობს: კორგები, სახელად მიკი და სენდი, ასევე, დორგი, სახელად ქენდი და ორი კოკერსპანიელი.

მომავალ დედოფალს კორგები ბავშვობიდან უყვარდა, პირველად ეს ჯიში ელისაბედმა ერთ-ერთ დიდგვაროვანთან, ტომას ტეინთან ნახა. 1933 წელს ელისაბედის მამამ, მეფე ჯორჯ VI-მ ოჯახში პირველი კორგი, დუკი მოიყვანა. 

10 წლის ელისაბედი დუკისთან ერთად

ელისაბედი და მისი და, მარგარეტი დიუკის ხელიდან აჭმევდნენ და მასთან ერთად იძინებდნენ, ცოტა ხანში ოჯახში კიდევ ერთი კორგი – ჯეინი გამოჩნდა.

ელისაბედი, დიუკი და ჯეინი

მომავალი მონარქის დედამ, დედა-დედოფალმა ელისაბედმა სამეფო კორგებისთვის მოვლის განსაკუთრებული წესები შემოიღო. თითოეულ ძაღლს თავისი კალათა აქვს, რომლის სიმაღლე განსაზღვრულია, რათა კორგებს ორპირმა არ დაუბეროთ. ძაღლები წამყვანი კინოლოგების მიერ დაწერილი დიეტით, საათობრივად იკვებებიან. სამეფო ოჯახის წევრებსაც კი, კორგებისთვის სხვა საკვების მიცემა ეკრძალებათ.

1944 წელს, მე-18 დაბადების დღეზე ელისაბედს თავისი პირველი ძაღლი, კორგი სიუზენი აჩუქეს. დედოფლის თითქმის ყველა ძაღლი სწორედ სიუზენის შთამომავალია. 1947 წელს ელისაბედმა სიუზენი თაფლობის თვეში წაიყვანა.

ელისაბედი და სიუზანი

მოგვიანებით ბუკინგემის სასახლეში სამეფო კორგებისთვის ცალკე ოთახი გამოიყო. დედოფალი ძაღლებს ხშირად სტუმრობდა. ცხოველები კურდღლისა და საქონლის ხორცის მრავალფეროვანი კერძებით იკვებებოდნენ, რომელსაც სპეციალურად შერჩეული მზარეული ამზადებდა. შობაზე დედოფალი თავის შინაურ ცხოველებს საჩუქრებს ჩუქნიდა. 1999 წელს ბუკინგემის სასახლიდან დაითხოვეს მსახური, რომელმაც ძაღლების წყალში ალკოჰოლი გაურია.

კორგების ოთახი

დედოფალს კორგების გარდა რამდენიმე კოკერსპანიელი და დორგის ჯიშის ძაღლი ჰყავდა. დორგი მონარქის თხოვნით გამოყვანილი ჯიშია. პირველი დორგი ელისაბედის კორგისა და მარგარეტის ტაქსას ნაჯვარი იყო.

ელისაბედი და დორგი სახელად ვულკანი(მარჯვნივ)

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი გადაღებულ ვიდეოში გამოჩნდნენ დედოფლის ძაღლები მონტი, უილოუ და ჰოლი.

2015 წელს ელისაბედმა შეწყვიტა სამეფო ძაღლების გამრავლება, მონარქს არ უნდოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კორგები პატრონის გარეშე დარჩენილიყვნენ. 2018 წელს გარდაიცვალა უილოუ, ელისაბედის უკანასკნელი სუფთასისხლიანი კორგი. 

მოგვიანებით დედოფალმა თავისივე შემოღებული წესი დაარღვია. 2020 წელს შვილმა, პრინცმა ენდრიუმ მას კორგი, სახელად მიკი და დორგი, სახელად ფერგუსი აჩუქა. ეს უკანასკნელი სამ თვეში მოკვდა და ენდრიუს შვილებმა, ბეატრისმა და იუჯინიამ ბებიას კორგი, სახელად სენდი აჩუქეს.

ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, რა ბედი ეწევა დედოფლის დარჩენილ ძაღლებს. ერთერთი ვერსიით, შინაურ ცხოველებზე ზრუნვა შესაძლოა პრინცი ენდრიუს ოჯახმა გააგრძელოს.

 

კომენტარები