გამოცემა The Hill-ზე აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი საკუთარ მოსაზრებას ავრცელებენ და ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
კრამერისა და კელის აზრით, ამ თვეში აშშ-ს მიერ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ შემოღებული სავიზო და ფინანსური სანქციები არ მოიცავდა "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს", რომელიც საქართველოს "ავტორიტარულ და პრორუსულ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი".
მოსაზრების ავტორების თქმით, აღნიშნული სანქციების პაკეტი საკმარისი არ იყო, ხოლო აშშ-მ ცხადად უნდა გამოხატოს, რომ ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ ფინანსურ ბერკეტებს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ქართველი ხალხისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის "დამანგრეველ" გზაზე სიარულს გააგრძელებენ.
გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ყურადღებაა გამახვილებული ქართული ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონზე, რუსული სტილის ლგბტ კანონსა და ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც იგი ამბობს, რომ 2008 წლის ომზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი იყო და არა - რუსეთი.
"აშშ-მ აუცილებლად უნდა უთხრას ივანიშვილს, რომ თუკი ოქტომბრის არჩევნებს მის სასარგებლოდ გააყალბებს, ან ოპოზიციის აკრძალვის მუქარას აღასრულებს, მას [ივანიშვილს] და მის მილიარდებს [აშშ-ს] სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური სანქციების სრულ ძალასთან მოუწევს გამკლავება". - წერენ იან კელი და დევიდ კრამერი.





