აშშ-ს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილს აშშ-ში კონკრეტული ხალხი ჰყავს დაქირავებული, რათა ყოფა შეუმსუბუქონ

თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპული საქართველოს კონფერენციაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ლობისტების სახით კონკრეტული ადამიანები ჰყავს დაქირავებული, რომლებიც აშშ-ში მუშაობენ, რათა ივანიშვილს ამერიკული ფინანსური სანქციებისგან დამძიმებული "ყოფა შეუმსუბუქონ". 

"არავის ეგონოს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილს არ ანაღვლებს. ანუ, "ჯილდოა" და რაღაცებს რომ იძახიან, ეს არის სრული ბლეფი და სისულელე იმიტომ, რომ ვიცით კონკრეტული ხალხი, ვინც ამისთვის დაიქირავეს და ნაჯახივით ურტყამენ ამ თემას". - თქვა ჩერგოლეიშვილმა. 

როგორც ფედერალისტების ლიდერი Facebook-ლაივში ამბობს, ამერიკული წრეებისთვის ყველაზე საეჭვო ის ფაქტია, რომ ივანიშვილი ლობისტების საშუალებით მხოლოდ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობს "ისე, რომ საქართველოსთვის არაფერს არ ითხოვს". 

"ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი ირონია ის არის, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილს შეუმსუბუქონ ყოფა - არაფერი საქართველოზე, ანუ ეს არის ყველაზე საეჭვო აქაური ამერიკული წრეებისთვის, როდესაც შენ შენთვის ცდილობ სიტუაციის შემსუბუქებას ისე, რომ საქართველოსთვის არაფერს არ ითხოვ. ეს არის ძალიან ნიშნადობლივი, არ გეგონოთ, რომ სანქციები არ მუშაობს. სანქციები ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. წლების შემდეგ, აი, ახლა, პირველად გავიგეთ, რომ ჰყავთ ხალხი, რომლებიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისთვის აქ მდგომარეა, ტრამპთან და, როგორც ვიცი, ძალიან აქტიურად ცდილობს ამის შემსუბუქებას". -აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი. 

ჩერგოლეიშვილის თქმით, ყველაფრის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა "ჩინეთის, ირანისა და ჰეზბოლას მოკავშირე" ივანიშვილს შეუძლებელია, ვითარება შეუმსუბუქდეს იმ ამერიკულ წრეებში, რომელთა შეხებაც ფედერალისტების ლიდერებს ბოლო დღეებში ჰქონდათ, სახელდობრ, რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო წვეულებაზე. 

"ბევრი რამის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ადმინისტრაცია ჯერ კიდევ დასანიშნია და ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ხვალვე იქნება, თუმცა ყოველ შემთხვევაში, იმას დარწმუნებით გეტყვით, რომ ჩინეთის, ირანისა და ჰეზბოლას მოკავშირეს, საბოლოო ჯამში, ვითარება შეუძლებელია შეუმსუბუქდეს იმ პოლიტიკურ წრეებში, ვისთანაც ჩვენ გუშინ შეხება გვქონდა". - თქვა ჩერგოლეიშვილმა. 

ცნობისთვის, ფედერალისტების ლიდერები - გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ვაშინგტონში რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ისინი დონალდ ტრამპ უმცროსმა მიიწვია. მათთან ერთად, წვეულებაზე იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ძალიან კარგ თავყრილობაზე ვართ, რესპუბლიკური პარტიის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა არის აქ... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხალხს, ვინც აქ არის შეკრებილი, ძალიან კარგად ავუხსნათ, რომ რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს, ამ შემთხვევაში არის არამარტო რუსეთის, არამედ ირანის მოკავშირე და ჩინეთით ანაცვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ამ ყველაფერს აქ მოვუყვებით ხალხს, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ოლიგარქი, რომელმაც ამერიკა ჩაანაცვლა ჩინეთით, რომელიც ირანში დადის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად დგას სატირალში, და ამას გარდა, არის რუსეთის მოკავშირე.

მოკლედ, ძალიან კარგი მესიჯ-ბოქსი გვაქვს და ამაზე ვისაუბრებთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი სტუმარი, რომელიც აქ არის, ამაზე საუბრობს. მე არ მიყვარს სხვის ნაცვლად საუბარი, ამიტომ, დაველოდები მას, რომ თვითონ თქვას ამ სტუმრობის შესახებ" - ამბობდა ჩერგოლეიშვილი Live-ში. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ წვეულებაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც იმყოფებოდა.

კომენტარები