უკრაინა-საქართველო

უკრაინამ ქართული ოცნების ახალი საარჩევნო ბანერები დაგმო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში უკრაინაში რუსეთის დაუდნობელი აგრესიის შედეგების ამსახველი კადრების გამოყენება დაგმო. 

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკურ რეკლამაში რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის სურათების გამოყენებას.

ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, მანამ, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე საქართველოში მშვიდობის ფასია.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ქართული ოცნების მმართველ პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის ქართულ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.

უკრაინა თანმიმდევრულად, მტკიცედ და მყარად გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერას.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარდება, ქართველი ხალხი კი გააგრძელებს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს."

ნათქვამია 26 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


26 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნების წინასაარჩევნო ახალი ბანერები გამოჩნდა. ქვეყნის მმართველმა პარტიამ ბანერებზე რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის, ათასობით უდანაშაულო ადამიანისა და ეკლესიების ნგრევის კადრები გამოსახა. ამასთან ერთად, ქართულმა ოცნებამ ასევე წინასაარჩევნო კლიპი დაამზადა, სადაც უკრაინის დაბომბილი და განადგურებული ქალაქები ჩანს.

კომენტარები