სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.
სომხეთის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ნაზელი ბაღდასარიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.
შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები სომხეთის პრემიერ-მინისტრის სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.
შეხვედრაზე ლიდერებმა საფუძვლიანად განიხილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში უკვე გადადგმული ნაბიჯები და არსებული შეთანხმებები.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას გააგრძელოს ეს პროცესი წინაპირობების გარეშე და ახალი იმპულსი მისცეს ორმხრივ ურთიერთობებს. ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხიც განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ საკითხებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის არსებული ვითარება გააცნო. ფაშინიანმა სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარების ხელშეკრულების ხელმოწერის მზადყოფნაც დაადასტურა.
გარდა ამისა, ფაშინიანმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის ინიციატივა სახელწოდებით "მშვიდობის გზაჯვარედინზე", რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფას.