პაპუაშვილი: წინასაარჩევნოდ მედია დაკავებულია უცხოეთიდან წამოსული მოსაზრებების ტირაჟირებით

ოპოზიციის კამპანია აგებულია მხოლოდ დაპირისპირებაზე, ნეგატივზე და ზიზღის ენაზე, რაც უკვე არაერთხელ გახდა მათი საარჩევნო მარცხის მიზეზი ბოლო 12 წლის განმავლობაში.

რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე.

უცხოელების განცხადებების და ქმედებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის იმის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე ამ პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, რაც ასეც ხდება.

პირდაპირი მნიშვნელობით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან არ იყოს რაიმე განცხადება, ინტერვიუ, სატელევიზიო ჩართვა, სტატია ან ვიზიტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, ქმნის ოპოზიციის დღის წესრიგს და ეს ინფორმაცია შემდეგ ინაცვლებს ოპოზიციის კუთვნილ მედიაში.

შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში ქართული მედია დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების ტირაჟირებით, რაც საარჩევნო გარემოს არასამართლიანს ხდის და მის დემოკრატიულობასა და სამართლიანობაზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს.

ამგვარი მასშტაბური ჩარევა საარჩევნო პროცესში აჩენს კითხვებს - ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე და არჩევნების ზეგავლენის შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა.

სხვა ქვეყნის პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო, დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს.

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები