მარტის აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას გუნდს შეუერთდა.
"მე ერთხელ მითხრეს, რომ შენ გააკეთე შენი მაქსიმუმი, მაგრამ ქალი ევროკავშირის დროშით გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის. ცვლილებების დროა, გამარჯვების დროა". - თქვა ნანა მალაშხიამ.
"ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა მე ამაში დავინახე შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ამ გუნდთან ერთად, ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისათვის. ცვლილებებისათვის, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში უიმედობას, სიღარიბეს, კორუფციას, ირაციონალურ შიშებს, დაასრულებს ზიზღსა და სიძულვილს, რომელიც ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ იარაღად აქცია და დააკანონა კიდეც. ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას, ავტორიტარიზმს და ბელადომანიას, რომელიც გაათავისუფლებს სახელმწიფო ინსტიტუციებს, სახელმწიფო სამსახურებს პარტიული გავლენებისაგან, მოიტანს იმედს ბედნიერების განცდას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას... მადლობა ამ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის ამ მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის". - თქვა მალაშხიამ კოალიცია ცვლილებებისთვის ბრიფინგზე.
ნანა მალაშხია რუსული კანონის წინააღმდეგ, მარტის აქციებზე მონაწილეობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.





